EMC-ის განცხდებით, ხელისუფლება არ ასრულებს დანაპირებს თბილისის ღამის კლუბებში მასშტაბური საპოლიციო ოპერაციიდან ორი წლის შემდეგაც. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საზოგადოების პროტესტს სახელმწიფოს მხრიდან ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე მუშაობის საჯარო დაპირება მოჰყვა, ამ დრომდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
„დღემდე უპასუხოდ რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც მოქმედი ნარკოპოლიტიკის არაჰუმანურ და უსამართლო სასჯელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ელოდებიან. არაპროპორციული სასჯელებით თავისუფლებააღკვეთილ პირთა გარდა, მძიმეა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ იმ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაც, რომელთაც წლობით ჩამორთმეული სამოქალაქო უფლებები დასაქმების, მინიმალური საარსებო შემოსავლისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე ტოვებს“, – წერს EMC.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოყვანლი სტატისტიკით, 2019 წელს:
- სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4591 პირის მიმართ;
- გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 3127 პირის მიმართ, მსჯავრდებულებს ავტომატურად ჩამოერთვათ სამოქალაქო უფლებები;
- 600 ადამიანი სასჯელს იხდის საპატიმროში;
- 258 მსჯავრდებულს პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილები)
- პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება 5000-მდე ადამიანი, რომელთაც შეზღუდული აქვთ დასაქმების, ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა სამოქალაქო უფლებები.
„რეფორმის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების ფონზე, განსაკუთრებით მძიმე იმ ადამიანთა უპასუხოდ დატოვებაა, ვინც ნარკოპოლიტიკის ცვლილებებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღემდე ელოდება“, – წერს EMC და ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ დროულად განაახლოს მუშაობა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე, ჰუმანური და ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომების დასანერგად. ხოლო იმ ადამიანების მიმართ, ვინც მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის მრავალწლიან სასჯელებს იხდიან, აქტიურად უნდა გამოიყენოს შეწყალების და ამნისტიის მექანიზმები.
არასამთავრობო ორგანიზაცია ორი წლის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციას და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს. EMC-ის შეფასებით, ღამის კლუბებში, სტუმრებით ხალხმრავალ სივრცეში, სპეცრაზმისა და პოლიციელების დიდი რაოდენობით შესვლამ ადამიანებში შიშისა და დაუცველობის განცდა გააჩინა.
მით უმეტეს, რომ დაკავებულთა მიმართ გამოძიება სპეცოპერაციას რამდენიმე თვით უსწრებდა წინ და მათ წინააღმდეგ შეკრებილი მტკიცებულებები 12 მაისამდე გაცილებით ადრე იყო მოპოვებული. „ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ღამის კლუბებში სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“, – წერს EMC.
როგორც არასამთვრობო ორგანიზაცია წერს, სპეცოპერაციას წინ უძღვოდა ნარკოპოლიტიკის რეფორმის თაობაზე შემუშავებული კანონპროექტის და მისი მხარდამჭერი ჯგუფების მადისკრედიტირებელი ინფორმაციების აქტიური გავრცელება. უშუალოდ პროტესტის დროს კი სამართალდამცველებმა დააკავეს 40-მდე აქტივისტი, პარალელურად კი ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მობილიზება და გამოყენება აქციის წინააღმდეგ.
„ამ საზოგადოებრივი პროტესტის საპასუხოდ გასცა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის უმოკლეს ვადებში გადაწყვეტის დაპირება. სამწუხაროდ, 2018 წლის 12 მაისის მოვლენების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, ხელისუფლებას არცერთი სამუშაო ფორმატი ამ საკითხის რაციონალური და სამართლიანი გადაწყვეტისთვის არ გამოუყენებია“, – წერს EMC.
ამავე თემაზე: