პარლამენტის წინ შეკრებილმა აქტივისტებმა და მოძრაობა „საქართველოსთის“ წევრებმა განცხადება გააკეთეს. მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ალიკა კუპრავას თქმით, ისინი ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ მათი სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადავლენ პროტესტის მწვავე ფორმაზე.
„მოძრაობა „საქართველოსთვის“ სამ თვეზე მეტია კარვებში აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს და გვაქვს სამი მოთხოვნა – ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეჩერებაპოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება.
ნიკა მელიას დაკავებით ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველანაირი წითელი ხაზები და გაასამართლა ანტისაოკუპაციო მოძრაობა, რომლებმაც გააპროტესტეს გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში.
ჩვენ ვაცხადებთ რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, ჩვენ არასდროს შევეგუებით დაბრუნებას ასი წლის წინ. საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობს ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ.
ჩვენი მოძრაობის წევრებმა დღეს სიმბოლურად გავიტანეთ კარავი რუსთაველის გამზირზე და იმ სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებას ვაძლევთ ორკვირიან ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოძრაობა საქართველოსთვის უზრუნველყოფს იმას, რომ მთელი რუსთაველის გამზირი იყოს კარვებოთ გადაკეტილი. ხელისუფლებამ როგორც უნდა ისე ჩათვალოს ე, ორკვირიანი ვადა, ულტიმატუმი თუ ა.შ. მაგრამ თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება მოძრაობა რუსთაველის გამზირს გადაკეტავს და გადავა აი ასეთ მწვავე ფორმაზე, ” – განაცხადა ალიკა კუპრავამ.
ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო მსვლელობა დღეს 1 საათზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. აქცია პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. პარლამენტთან ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეების და აქტივისტების ნაწილი. პარლამენტთან გაშლილია კარვებიც.
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას საერთო მოქმედების გეგმა და მოთხოვნები გააცნეს საზოგადოებას. მათი მოთხოვნაა ახალი საპარლამენტო არჩევნები, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.