არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელებასა და მასთან ბრძოლის გზებზე კვლევა წარმოადგინა.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხელისუფლებას არ აქვს დეზინფორმაციასთან ბრძოლის სისტემური მიდგომა და უფრო მეტიც, ხშირად თავად ავრცელებს ანტიდასავლურ ნარატივს.
დოკუმენტის ერთ-ერთი თავი სწორედ შიდა დეზინფორმაცისა და ანტიდასავლური ნარატივების კვლევაა.
კვლევის მიხედვით ხელისუფლების და მასთან დაკავშირებული სუბიექტების დეზინფორმაციის სამიზნე აშშ, ევროკავშირი და არასამთავრობო სექტორია.
„ჩვენი დაკვირვებით, ხელისუფლება რიგ შემთხვევებში ერიდება დასავლეთის პირდაპირ კრიტიკას, ის აკეთებს განცხადებას მინიშნებებით, რასაც შემდეგ პროსახელისუფლებო ტელევიზიები („იმედი“, „პოსტვ“), პროსახელისუფლებო ექსპერტები, სოციალურ ქსელში მოქმედი სახელისუფლებო გვერდები და ყალბი ანგარიშები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ღიად ავრცელებენ“, – ნათქვამია კვლევაში. აქვე ასევე აღნიშნულია, რომ „პოსტვ-ის“ 50%-იან წილს „ხალხის ძალის“ წევრი, უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.
დეზინფორმაციის ძირითადი ნარატივია: აშშ-ს საქართველოს ომში ჩაბმა სურს და აშშ-დან წამოსული დაფინანსება საქართველოში აგენტურული ქსელის შექმნას ისახავს მიზნად.
„აშშ-სა და საქართველოში ამერიკის ელჩ კელი დეგნანზე სისტემატური თავდასხმა „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ გაამძაფრა, რაც Credit Suisse-ის საქმეზე საუბრისას, მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს, პრობლემები შეექმნა, მათ შორის ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების „დროულ და შეუფერხებელ“ გადაადგილებაში.
ამას მოყვა ხელისუფლებისგან ირიბი, ხოლო მისი მართული დეზინფორმაციის გამავრცელებელი ქსელისგან ღია ბრალდებები, რომ აშშ-ის მხრიდან შეფერხებები ბიძინა ივანიშვილზე ფინანსური წნეხის განხორციელებით, საქართველოს ომში ჩართვის იძულებითაა გამპირობებული. აშშ-ის და ელჩის კელი დეგნანის მიმართ დეზინფორმაციული და დისკრედიტაციული კამპანიები პერიოდულად ძლიერდება ამერიკის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა რეფორმების აუცილებლობის შესახებ საუბრის პარალელურად“, – აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება დეზინფორმაციის კიდევ ერთ სამიზნეს, ევროკავშირს, ძირითადი ნარატივებია: „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს საქართველოს იმიტომ არ აძლევენ, რომ უკრაინის ომში არჩართვის გამო სჯიან და ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“.
„ევროკავშირის დისკრედიტაციის მცდელობა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის არ მისცეს და საქართველოს სტატუსის მისაღებად დემოკრატიული რეფორმების ჩატარება მოთხოვეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ან მათ მიერ მართული დეზინფორმაციული ქსელების თავდასხმის ადრესატები იყვნენ ევროპარლამენტარებიც. როგორც ევროკავშირზე, ისე ევროპარლამენტარებზე მადისკრედიტებელი და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელება დროში ემთხვეოდა ქართული პოლიტიკის კრიტიკას, ივანიშვილის დასანქცირების შესახებ ინიციატივებს.
ევროპარლამენტარების მიმართ ხელისუფლების კრიტიკა კიდევ უფრო ღია და რადიკალური იყო. თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაციაზე და დებიძინიზაციაზე“ მოსაუბრე ევროპარლამენტარები „საქართველოს მტრები არიან“, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ევროპის სახალხო პარტიას (EPP), რომელიც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფია, „კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება“ უწოდა. მმართველი პარტია ევროპარლამენტარების წინააღმდეგ იყენებდა შეფასებებს: ანტიევროკავშირი, უცხოელი ნაცები და ა.შ.“, – ნათქვამია დოკუმენტში.
კვლევის მიხედვით, ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე, სისტემატურად და ღია მესიჯებით ესხმის თავს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
„ამ კამპანიაში ჩართულია დეზინფორმაციის გამავრცელებელი ყველა სახელისუფლებო აქტორი. ბოლო პერიოდში არასამთავრობოების წინააღმდეგ გავრცელებული ნარატივებია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან უცხოური აგენტური ქსელის ნაწილი და მათი საქმიანობა მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, არიან „მდიდრები“ და მათი ხარჯები გაუმჭვირვალეა, სურთ საქართველოს ომში ჩათრევა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
„ფეისბუქმა“ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ათობით გვერდი კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო რამდენჯერმე წაშალა.
„გამჭვირვალობის“ ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.