ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება ახალისებს მსგავს თავდასხმებს - ხოშტარია „ფორმულაზე“

პუბლიკა

პოლიტიკური მოძრაობის „დროა“ ლიდერი ელენე ხოშტარია ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმას ეხამურება.

„საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლებზე სხვადასხვა ადგილას განხორციელებული თავდასხმა ვერ იქნება და არ არის რიგითი კონფლიქტი. ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკულ აზრის დახშობის მიზნით. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება და გამუდგებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე, ახალისებს მსგავს თავდასხმებს“,- აცხადებს ელენე ხოშტარია.

ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია „ფორმულას” მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

„რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია „ფორმულა” საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“,- აცხადებენ შსს-ში.