ხელისუფლების მხრიდან იყო ხვეწნა-მუდარა – ტიგინაშვილი საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე

პუბლიკა

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის თქმით, საპატრიარქოსთან შეხვედრა ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავირუსი დაუდგინდა სასულიერო პირს.

ტიგინაშვილის თქმით, მას ჰყავს საპატრიარქოს სამდივნოსთან დაახლოებული წყარო, სამდივნო კი ესწრებოდა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას, რომლის დროსაც, ტიგინაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან „იყო ხვეწნა-მუდარა“, შეეზღუდათ ან შეეცვალათ რელიგიური რიტუალები, რათა არ გაჩენილიყო საეკლესიო სივრცეში ვირუსის გავრცელების ახალი კერა.

„ხელისუფლების მხრიდან იყო ხვეწნა-მუდარა. თხოვნითი დამოკიდებულება, რომ საეკლესიო სივრცეში არ წარმოშობილიყო კლასტერი და დამატებითი კერა, რომელიც ბევრად უფრო ფეთქებადსაშიში იქნებოდა, ვიდრე სხვა რომელიმე კომპაქტური ჯგუფის შემთხვევაში, რადგან მარხვის დროს მოჭარბებული რაოდენობით ხდება ტაძრებში მრევლის მიდინება.

შესაბამისად, სასულიერო პირს, რომელსაც უკვე დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია, ჰქონდა რა თვე-ნახევრის მანძილზე მორწმუნე მრევლთან ინტენსიური ურთიერთობა, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ეს სამომავლო პერსპექტივაში ყოფილიყო სტიქიური ხასიათის“, – თქვა ტიგინაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

თეოლოგის თქმით, მღვდლის ინფიცირების შემთხვევა ხელისუფლებისთვის იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი. მთავრობის წარმომადგენელთა ერთ-ერთი თხოვნა კი აღდგომის ლიტურგიისთვის დროის ცვლილება იყო, რომ ჩატარებულიყო დილის საათებში. თუმცა, ამის მიუხედავად, საპატრიარქომ არ გაითვალისწინა ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ტიგინაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, თავისივე პოლიტიკის მსხვერპლად იქცა.

„ჩვენ ვერ განვუმარტავთ მრევლს ტაძრების დაკეტვის მიზეზს და დავიმსახურებთ მათგან რისხვას. ეს არის რეალურად იმ შემოქმედებითი საქმიანობის გამოძახილი, რომელსაც წლების განმავლობაში ამკვიდრებდა საპატრიარქო. რწმენის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ გაკერპებული სულის მქონე საზოგადოება, რომელსაც არ შეუძლია რაციონალური დასკვნების გამოტანა და მოყვასზე ზრუნვა“, – თქვა ტიგინაშვილმა.