ხელისუფლების მტკიცებით, პრეზიდენტი ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს

პუბლიკა

ხელისუფლების მტკიცებით, პრეზიდენტი ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს.

საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ 7 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა.

ამაზე სასაუბროდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დღეს იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაიბარეს.

ადმინისტრაციიდან სხდომაზე არავინ მივიდა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილობითი განმარტება გააკეთა, მაგრამ კომისიამ ის დამაკმაყოფილებლად არ მიიჩნია.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ გავუგზავნით წერილს და ვთხოვთ, შემდეგ სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდეს ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გააკეთოს განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება”.

მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.