„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ შეფასებით, ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა საგანგაშოა.
„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტების გარშემო მიმდინარე მოვლენებმა, მმართველი გუნდის განცხადებებმა და ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულმა დისკრედიტაციის კამპანიამ ცხადყო, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად სპეკულირებს მართლმადიდებელი ეკლესიითა და საზოგადოებაში მისი ავტორიტეტით. იგი ღიად და დაუფარავად აწარმოებს ანტიდასავლურ პოლიტიკას, უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს, ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
„აგენტების შესახებ” რუსული სტილის კანონის მიღების მიზანი შეიძლება შეფასდეს, როგორც კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების რეპრესიებისა და გაქრობის გზით, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაბრკოლების, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევისა და საბოლოოდ რუსული რეჟიმის დამყარების მცდელობა.
“რუსული კანონის” განხილვა პარლამენტში საზოგადოების მასობრივი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. 7-9 მარტს ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დაშლა ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით სცადა. ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. საბოლოოდ, ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კრიტიკის შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან სამ დღეში გაეწვია“,- ნათქვამია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ ამ ფონზე, ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული კრემლისტური ჯგუფების ანტილიბერალური და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო ძლიერდება. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლება სამოქალაქო სექტორსა და თავისუფალ მედიას აგენტებად აცხადებს, აკნინებს მათ როლს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში და ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ საქმიანობაში ადანაშაულებს. აქვე ვკითხულობთ, რომ ეს განცხადებები ასევე თანხვედრაშია კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებთან და რუსეთში წლების განმავლობაში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დევნასთან, რაც საბოლოოდ მათი გაქრობით დასრულდა.
განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.