„ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაცია სწორად ვერ წარიმართებოდა“ - კობახიძე

პუბლიკა

„ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაციის პროცესი სწორად ვერ წარიმართებოდა, თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 „გვაქვს კოორდინირებული სტრატეგია – საპატრიარქო, როგორც ძეგლის მესაკუთრე, პასუხისმგებლობას იღებს სამუშაოების მეთოდოლოგიაზე, მთავრობა კი, უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა. თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ძეგლების მოვლა-პატრონობის პროცესი უნდა იყოს თანამონაწილეობითი, უნდა ითვალისწინებდეს ფართო ჩართულობას.

ეს თანამშრომლობა ქმნის ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია, ასეთი ფორმით განხორციელდეს ყველა შესაბამისი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ კომიტეტის მუშაობა იქნება ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი და ეს მნიშვნელოვანია როგორც მიმდინარე პროცესის სწორად წარმართვისთვის, ასევე სამომავლო, გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად“,- აცხადებს კობახიძე.

მან იმედი გამოთქვა, რომ „ძალიან მალე ჩვენ დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი, ეს უძვირფასესი ტაძარი, ხარაჩოების, დროებითი კონსტრუქციების გარეშე.“

რა მოხდა გელათში?

გელათის სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.

2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდეს.

ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს.

ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა.

ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ.

ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.

2023 წლის თებერვალში გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქომ გადაიბარა.