ხელისუფლებისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის - კელი დეგნანი „ხალხის ძალისა“ და „ოცნების“ თანამშრომლობაზე

პუბლიკა

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოდის „დამაბნეველი გზავნილი“, რადგან, ერთი მხრივ, პრემიერი და სხვა პირები საუბრობენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, მეორე მხრივ კი, დგანან მათ გვერდით, ვინც საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.

ასე უპასუხა კელი დეგნანმა შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასებს „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებებსა და ასევე, ხელისუფლებასა და „ხალხის ძალას“ შორის თანამშრომლობას.

„მე ვერ გავაკეთებ კომენტარს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, რაც აქ ხდება.

ჩვენ გვითქვამს, რომ მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის, ერთი მხრივ, მათ გვერდით ყოფნით, ვინც, როგორც ჩანს, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას და მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრისა და სხვა პირებისგან გამოხატული პოზიციებითა და განცხდადებებით, რომლებიც პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს აშშ-სა და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან.

მე მირჩევნია, რომ ვიხელმძღვანელო ფაქტებით და სიმართლით, გარშემო უამრავი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიაა. ფაქტი კი ისაა, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ ერთგულად ეხმარებოდა საქართველოს, გაეძლიერებინა თავისი უსაფრთხოება, მხარს უჭერდა მის სუვერენიტეტს. 30 წლის განმავლობაში აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში.

შეიძლება ითქვას, რომ კარგი ეკონომიკური მონაცემები, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, გარკვეულწილად დაკავშირებულია იმ მხარდაჭერასთან, რაც აშშ-მა, ევროკავშირმა და საქართველოს სხვა მეგობრებმა აღმოუჩინეს მას კოვიდპანდემიის შედეგებთან გამკლავებისთვის.

დაკავშირებულია იმ დახმარებასთან, რომ საქართველო ყოფილიყო კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაში ამ უპრეცედენტო ვითარებაში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე.

30 წლის განმავლობაში, აშშ ასევე ცდილობდა, საქართველოს განევითარებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, რათა ქართველ ხალხს ჰქონოდა რწმენა, რომ ეს ქვეყანა მიდის უფრო ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატიისკენ. ქართველი ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში მოითხოვდა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ უპასუხა კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვებს.