ხელისუფლებისგან ძლიერი გზავნილია საჭირო, რომ დადგება შედეგები წამქეზებლებისა და თავდამსხმელებისათვის - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან საჭიროა მკაფიო გზავნილი, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადგება შედეგი მათთვის, ვინც ძალადობდა და აქეზებდა მოქალაქეებს.

„ძალადობა მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებისგან ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილია საჭირო, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც აქეზებს ძალადობისკენ, ვინც ძალადობრივად თავს ესხმის მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად იყენებენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს, მკაფიო შედეგები და გზავნილი თუ არ იქნება, რომ ძალადობის მიმართ არ იქნებიან ტოლერანტული, ეს იქნება წახალისება მეტი ძალადობისკენ. ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყოს, რათა მათ გამოიყენონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერებულიყო ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ამის გამო იმედგაცრუებულია. მისივე თქმით, აშშ-ის მთავრობის, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები არ გაკეთებულა ნაჩქარევად და ის უნდა იყოს აღქმული სერიოზულად.

„სანქციები არის ხელთარსებულ მრავალ ინსტრუმენტს შორის ერთ-ერთი. ვფიქრობ, თქვენ იხილეთ აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ პროცესი, რომლის შეჩერებისკენ მოვუწოდებდით [მოსამართლეთა შერჩევის შეჩერებისკენ], წარიმართა მრავალი ჩართულობის შემდეგ. ეს არის ის, რაზეც საქარველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ, რომ ეს დანიშვნები შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ეს ჯერ არ მომხდარა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს მოსამართლეები დაინიშნენ. პარლამენტს შეეძლო ამ პროცესის შეჩერება. აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები არ გაკეთებულა ნაჩქარევად, ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 14 ივლისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, საერთაშორისო პარტნიორებიც ხანდახან აკეთებენ ხოლმე ნაჩქარევ განცხადებებს“. მმართველი პარტიის წევრმა აღნიშნული განცხადება კელი დეგნანის საპასუხოდ გააკეთა, როდესაც ელჩმა 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სიტუაციის დარეგულირებაში წამყვანი როლი უნდა შეესრულებინა.