ხელმოწერების გაყალბებაზე პროკურატურაში „ძალა ერთობაშიას“ 20 საჩივარი შეაქვს – კორძაია

პუბლიკა

გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა და მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგი გამართა. კორძაიამ არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურაში ხელმოწერების გაყალბებაზე 20 საჩივარი შეაქვთ.

„მივმართავ ირაკლი კობახიძეს, მე თამარ კორძაია არ ვებრძვი  პატარა ადამიანებს და პატარა კაცებს, უბრალოდ მეცოდებიან.

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს და  ყველა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოსა და ორგანიზაციას. ის, რაც ხდებოდა არჩევნების დღეს და ხდება ახლა, ენით აღუწერელი დანაშაულებებია.“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, ბლოკის მიერ შემაჯამებელი ოქმების გაუქმებისა და გადათვლის, ასევე, ოქმებში არსებული დარღვევებისა და სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით შეტანილია 1216 საჩივარი. ეს არის ერთი მესამედი საარჩევნო უბნების.

„ჩვენ ვითხოვთ, იქ, სადაც ბიულეტენი ამოვიდა მეტი, ვიდრე ამომრჩეველთა რაოდენობაა, სრულად ბათილობას. იქ, სადაც არის შანსი გადათვლის, რომ ზუსტი მონაცემები დადგინდეს, ვითხოვთ ხელახალ გადათვლას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, ხელმოწერების გაყალბებაზე პროკურატურაში „ძალა ერთობაშიას“ 20 საჩივარი შეაქვს.

PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ISFED-მა 1 ნოემბერს განცხადება გაავრცელა.

ორგანიზაციის განცხადებით, შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. აღნიშნული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ შედეგების შესაძლო მაქსიმალური გავლენა სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები.

„აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას და, ამდენად, საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.“ – აღნიშნულია ISFED-ის განცხადებაში.

ბიულეტენების თავიდან დათვლა შედეგებისადმი უნდობლობას და პოლიტიკურ  დაძაბულობას რომ შეამცირებს, განცხადება ამის შესახებ „გამჭირვალობა საქართველომაც“ გაავრცელა.

ცესკო შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას გუშინ სპეციალური განცხადების გამოეხმაურა.

ცესკოს განცხადებით, სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და არასწორი ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას და არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა.