ხელმოწერით „ოცნება“ შევბოჭეთ, რომ არ გავიდნენ დასავლური სივრციდან - მელია მიშელის დოკუმენტზე

პუბლიკა

პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერა ხელი. პარტიის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მათი გადაწყვეტილების მიზანია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს შესაძლებლობა, ზურგი აქციოს ქვეყნის დასავლურ საგარეო კურსს.

„ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ ძალიან სამართლიანად შევბოჭეთ. შევბოჭეთ, რომ მათ არ ჰქონდეთ გასაქანი, გავიდნენ დასავლური სივრციდან.

მანამ, სანამ ისინი წარმოადგენენ ოფიციალურ პირებს და სახელმწიფოს, ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ქვეყანას და ხალხს იმის გამო, რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ზურგი აქციონ.

ამისათვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, რომელიც ცნობილი იყო გარკვეულ დებუელბებთან მიმართებაში, რაც გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში. მაგრამ დღეს ეს არის მეასე და მეორასე ხარისხოვანიც კი.

არის მომენტი, როცა შენ თავზე მაღლა უნდა დადგე და არის მომენტი, როცა შენი სამართლიანი პოზიციაც გვერდზე გადადო და მიიღო სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია.

ვინაიდან ჩვენ გვყავს ღიად დეკლარირებული ხელისუფლება, რომელიც არც კი ერიდება გააკეთოს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ საგარეო კურსს“, – განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

აპრილში შარლ მიშელის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტი რამდენიმე საკითხს მოიცავდა. მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტის გარკვეულ პუნქტებთან მიმართებით უთანხმოების გამო ხელი არ მოაწერა, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტი დაასრულა და საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.

შეთანხმებიდან სამი თვის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, ხელშეკრულებაზე იყო სხვა პარტიების ხელმოწერა, მთავარი, მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყო და რადგან ისინი ხელს არ აწერდნენ, მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადეს.