პროტესტში მონაწილე ხელოვანები „ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრთან, თინა რუხაძესთან შეხვედრის მოთხოვნით სამინისტროს შენობასთან აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
„მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის უსამართლო და იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, რომ გამოვიდეს, შეგვხვდეს და დაგველაპარაკოს. ჩემი ერთადერთი მოთხოვნა აქ მოსვლის, არის ის, რომ თიკა რუხაძე გამოვიდეს, ან ჩვენ მიგვიღოს და დაგველაპარაკოს.
ავუხსნით უფრო ნათლად, რამდენად უსამართლოა მისი ქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მან იცის. ახალი თეატრი არის დოიაშვილი, დოიაშვილის გარეშე ახალი თეატრი არ არსებობს და არც იარსებებს. ჩვენ ვრჩებით დოის გვერდით, დოისთან ერთად, სოლიდარულები. შევხდებით თეატრში დოისთან და ანდროსთან ერთად“, – თქვა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა.
გუშინ, 16 აპრილს კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ამავე საღამოს ახალ თეატრთან მოქალაქეები შეიკრიბნენ – მათ სიტყვით მიმართა დავით დოიაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ მთავარი ახლა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა:
„ამ ყველაფერს ველოდი, ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა, მიკვირს კიდევ ამდენი ხანი რომ გვაცალეს. ამიტომ, მე ვიქნები ამ თეატრის ხელმძღვანელი თუ არ ვიქნები, მეორე ხარისხოვანია – ერთადერთი, რაც დღეს შემიძლია ვთქვა, მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი, მთავარი არის, რომ გამოუშვათ პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ”.
თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია. დავით დოიაშვილის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებამდე, თეატრი სცენაზე ვერ დაბრუნდებოდა.