სვანეთის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე დასრულდა.
კინემატოგრაფისტებმა კულტურის სამინისტროს პოლიტიკასა და პროტესტზე დაჯილდოების ცერემონიაზეც ისაუბრეს.
რეჟისორმა გრიგოლ ჯანაშიამ, რომელმაც გაიმარჯვა ორ კონკურსში Working progress და ფიჩინგ ფორუმში – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი „საჭესთან“ და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი „ახალი ცხოვრება” – კინოსფეროში სამომავლო ცენზურის საფრთხეზე ისაუბრა.
რეჟისორმა აღნიშნა, რომ მას მოეწონა ფილმი „ჯადოსნური მთა“, რომელიც ოლიგარქის მიერ აბასთუმანში სანატორიუმის შეძენის შესახებაა. ჯანაშიამ გაიხსენა ირაკლი კობახიძის შეფასება სალომე ჯაშის „მოთვინიერებაზე“:
„განსაკუთრებით მომეწონა ერთი ახალი ქართული ფილმი, რომელიც მგონია, რომ არის საფრთხეში. ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც გადაიღო ორმა ადამიანმა, რომლებიც უბრალოდ მიენდნენ ხელოვნებას და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ფილმები დღეს არის საფრთხეში, დღეს ასეთ ფილმებზე იტყვიან, რომ ეს არის სამარცხვინო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კონკრეტულად ეს ფილმი ყველა ქართველმა უნდა ნახოს, რადგან ეს ძალიან ბევრს ამბობს იმაზე თუ რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. ეს ფილმია – „ჯადოსნური მთა” და მე მინდა, რომ ამ ფილმის ყველა შემქმნელს მადლობა გადავუხადო და ქედი მოვუხარო, რადგან თქვენ წახვედით ამ რისკზე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდით, რა ხდება დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში. Ხელოვნება არის დამოუკიდებელი, ცოცხალი და პოლიტიკური!“, – განაცხადა მან.
ფესტივალზე დაჯილდოვდა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“, რომლის ავტორმა, ირინე ჟორდანიამ განაცხადა:
„მინდა, ერთი სიტყვით გითხრათ მთავარზე, რაც არის ჩემი და ჩემი მეგობრების სატკივარი. ჩვენ დღეს ვგრძნობთ, რომ ქართული კინო საფრთხეშია, რომ არის მცდელობა, ქართული კინო მოექცეს პარტიული ზეგავლენის ქვეშ და ჩვენ ამას არ შევეგუებით, რადგან ქართული კინო არის ცოცხალი და დამოუკიდებელი“.
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი კინემატოგრაფისტებმა საპროტესტო გზავნლების გასავრცელებლად წინა დღეებშიც გამოიყენეს.
„ქართული კინო საფრთხეშია!“ – ამ წარწერით გავიდა ფესტივალზე ფილმები:
- „პაპანაქება“ – რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი;
- „ჯადოსნური მთა“ – მარიამ ჭაჭია, ნიკ ვოითი;
- „წყალტუბო“ – ტობი ანდრისი;
- „მეტალურგი“ – გიორგი ვარსიმაშვილი;
- „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ – ბესო სოლომანაშვილი;
- „უარყოფითი რიცხვები“ – უტა ბერია;
- „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ – ირინე ჟორდანიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი;
- „ყელსაბამი“ – ლევან შუბაშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი.
გარდა ფილმისთვის წამძღვარებული საპროტესტო წარწერისა, რამდენიმე კინემატოგრაფისტმა საზოგადოებას კინოსექტორში არსებულ პრობლემებსა და პროტესტის შინაარსზე მიაწოდა ინფორმაცია.
სვანეთის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ:
საუკეთესო ოპერატურა – „გპირდები სამოთხეს“ (ეგვიპტე)
საუკეთესო რეჟისურა – შული ჰუანი „შემომხედავ“ (ჩინეთი)
საუკეთესო ფილმი – Memoir of a veering storm (საბერძნეთი)
ქართველი კინემატოგრაფისტების ნაწილი თვეზე მეტია, კინოცენტრში სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა. კინოცენტრში დასაქმდა სახელისუფლებო პროპაგანდისტული არხის თანამშრომელი ბაჩო ოდიშარია.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში შრომით ხელშეკრულება 8 ადამიანს შეუწყდა, ორმა კი კინოცენტრი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოსპობას და კინოინდუსტრიაში ცენზურის შემოტანას მოასწავებს. კინოცენტრის თანამშრომელთა პოზიციას იზიარებს კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი და უკვე თვეზე მეტია, პერმანენტულ აქციებს მართავენ, ცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლის მოთხოვნით.