„[ხელოვნება] უნდა იყოს თავისუფალი“ - გერმანიის ელჩის სიტყვა თბილისის კინოფესტივალზე

პუბლიკა

27 ნოემბერს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის სექცია „დამზადებულია გერმანიაში“, ვიმ ვენდერსის ახალი ფილმით – „იდეალური დღეებით“ გაიხსნა. ფილმის დაწყებამდე მაყურებელს სიტყვით მიმართეს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა, ლაურა ჰარტცმა.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის დამფუძნებელ გაგა ჩხეიძეს და ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ხელოვნების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.

მისივე თქმით, საქართველოსა და ევროპას შორის არსებული პარტნიორობა და მეგობრობა შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით და რომ „ევროკავშირის წევრობა დიდი გამოცანა არ არის, პირობები შავით თეთრზე წერია“.

„დადებული ხელშეკრულების მიხედვით, საქმე ეხება მშვიდობასა და თავისუფლებას – ორივე უაღრესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, კავშირი ხელოვნებასა და თავისუფლებას შორის ასეთივე მჭიდრო და ხანგრძლივია“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა.

ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ფრიდრიხ შილერის ციტატა მოიყვანა ტექსტიდან „წერილები ადამიანის ესთეტიკური განათლების შესახებ“ – „ხელოვნება თავისუფლების შვილია და იგი მოითხოვს, რომ  თავის წესებსა და რეცეპტებს სულიერი საჭიროებები განაპირობებდეს და არა მატერიალური“.

„მთელ ამ განხილვებში „ხელოვნება არის თუ არა საჭირო? უნდა იყოს თუ არა თავისუფალი?“ – პასუხია, რომ [ხელოვნება] უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა ფიშერმა.

ელჩმა საზოგადოებას შეახსენა, რომ გაგა ჩხეიძემ წლის დასაწყისში გოეთეს მედალი მიიღო, უმაღლესი რანგის ჯილდო, რომელსაც გერმანიაში უცხოელ ხელოვანებს გადასცემენ.

„გაგა ჩხეიძემ ეს პრიზი მიიღო იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ერთმანეთთან აკავშირებს ქართულ, ევროპულ და მსოფლიო კინოს. მგონი 1988 წელს ის პირველად შეხვდა ულრიხ და ერიკა გრეგორებს, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ლეგენდარულ კინოთეატრს. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ, რომ ბერლინის კინოფესტივალის პროგრამაში ჩაერთოთ საბჭოთა ფილმები და გაეცნოთ ისინი არა მხოლოდ გერმანელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ზუსტად მაშინ, როდესაც შევხვდით, მითხრეს, რომ ქართული კინო გამორჩეულია საბჭოთა ფილმებს შორის. გაგამ ეს ფილმები ბერლინში ჩამოიტანა, ზოგიერთი მათგანი არალეგალურადაც კი შემოიტანა თავისი მანქანით. თარგმნა, დაარედაქტირა, კატალოგში გამოაქვეყნა, ყველანაირად დაგვეხმარა. 2000 წელს დააარსა თბილისის კინოფესტივალი, რომლითაც ერთმანეთთან დააკავშირა ქართული კინოს განვითარება და გერმანული კინო“, – განაცხადა ელჩმა.