ხელოვნების მუზეუმი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოიშიგნა - თეა წულუკიანი

პუბლიკა

„შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, მარტივად რომ ვთქვა, ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოიშიგნა, იმიტომ, რომ იქაური ექსპონატები გადატანილ იქნა – თქვენ იქ ვეღარ ნახავთ ფიროსმანს, ვეღარ ნახავთ გიგო გაბაშვილს, ვეღარ ნახავთ ყაჯრულ კოლექციას და ბევრ სხვა რამეს ვეღარ ნახავთ“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნების მუზეუმში დარჩენილია ოქროს ფონდი და ზოგიერთი ექსპონატი საჭიროებს ყურადღებას. მისი თქმით, უკვე შეთანხმდნენ UNESCO-სთან, რომელმაც 4 ექსპერტი გამოყო.

„ერთადერთი, რაც ვერ იქნა გადატანილი, ეს არის ოქროს ფონდი. ეს ოქროს ფონდი – ხახულის ხატი, აწყურის ხატი და სხვები, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ვინაიდან, მე მქონდა პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად მოლოდინი, რომ ამ სამინისტროს ვუხელმძღვანელებდი, დრო მოვიგეთ და უკვე მივმართეთ UNESCO-ს. 4 ექსპერტი დაგვინიშნა, რომლებიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად ხატების მდგომარეობას შეაფასებს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ისიც არ ვიცით, რომელ ხატს შეიძლება შეეხო და გადააადგილო და იმ შენობას რესტავრცია ჩაუტარო და რომელიღაცას თუ შეეხები, შეიძლება, უბრალოდ ჩამოიშალოს. ამ მიმართულებითაც არის დიდი დეფიციტი, იმიტომ, რომ სამხატვრო აკადემიამ ეს პროფესიონალები არ აწარმოა და აქაც დიდი რეფორმა გვექნება ჩასატარებელი“, – თქვა მან.