ხელს ადებენ კეზერაშვილს, რომ შიდაპარტიული გადატრიალების უკანაა, ეს გვაჩვენებს, რამხელა ოლიგარქიული გავლენაა ოპოზიციაში - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ეს ყველაფერი გვაჩვენებს, თუ რამხელაა ოლიგარქიული გავლენა რადიკალურ ოპოზიციაში. ჩვენ ამას პირდაპირ გვიდასტურებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ხელს ადებენ დავით კეზერაშვილს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ამ შიდა პარტიული გადატრიალების უკან დგას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„ეს არის ოლიგარქიის ცუდი გავლენა, რომელზეც სწორედ ევროკომისია საუბრობდა. საბოლოო ჯამში, ერთადერთი რაც შეიძლება ვისურვოთ, „ნაციონალური მოძრაობა“ სულ მცირე საკუთარ პარტიაში მაინც შეძლებს ოლიგარქიული გავლენების რამენაირად შესუსტებას, თუმცა როგორც ვხედავთ, პირიქით, მიდის და როგორც ჩანს, ეს საქმე უფრო გაძლიერებისკენ წავა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

9 ნოემბერს ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურისა და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურნენ პარტიის ლიდერები და თქვეს, რომ ენმ და თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობენ და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.

პარტიაში მთელი დღის მსჯელობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საღამოს განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას დაუპირისპირდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელსაც თავისი ფავორიტი პოლიტიკოსების დაწინაურება უნდა. მათ შორის, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კეზერაშვილი ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი გახდეს.