ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა 8 მარტის შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ შეთანხმებაში გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
„არა, ხელს ვდებ ყველა იმ სიწმინდეზე, რაც საქართველოში არის, არ ყოფილა. ეს არის ტყუილი“, – განაცხადა მან ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ მოლაპარაკებების დროს არ ყოფილა განხილული მათი გათავისუფლების საკითხი, როგორ მოხდა მერე, რომ ოპოზიციის განცხადებებს მხარი დაუჭირა ამერიკელმა სენატორმა, პრეზიდენტმა კი მიიღო მათი შეწყალების გადაწყვეტილება.
წულუკიანი პასუხობს, რომ:
„სადაც მე ვესწრებოდი, ამაზე საუბარი არ იყო და არც იქ 8 მარტის მოლაპარაკებების შედეგი არ ყოფილა გვარები და სახელები, გამოვიდა გარეთ განცხადება, ერთი შეთანხმება საკონსტიტუციო სისტემაზე და მეორე გამოვიდა განცხადება, რომ, მოდით, მართლმსაჯულებაში ნუ ჩავერევით. ერთმა მხარემ, რომელიც შემდეგ აგრძელებდა, რომ გამოუშვით თორემ არ იქნება ფული, პოლარიზება იქნება და მართლაც ცუდია პოლარიზება, შემდეგ პრეზიდენტმა გადადგა ის ნაბიჯი, რომ ეს სიტუაცია განემუხტა.
ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო იმიტომ, რომ ჩვენ სისტემაში გვყავს ადამიანები, ვინც არანაკლებ იმსახურებს იმავე ბედს, რომ გარეთ გამოვიდეს და შვილები ნახოს. პატიმრების ერთი ჯგუფის პრეზიდენტი ხომ არ ხარ, უნდა იყო ყველას პრეზიდენტი. ამიტომ ეს იყო უსამართლო, ცოტა სახიფათო-მეთქი და აქაც ავხსენი, რომ ვწონი და ვზომავ სიტყვებს. მაგრამ ეს ხიფათი იქნება არარეალიზებადი, თუკი ბოლო პრეცენდენტი იქნება პრეზიდენტის ამგვარი გადაწყვეტილება. მათი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების საგანი არ ყოფილა, თუმცა იყო სურვილები და მოთხოვნები ამაზე, რომელიც მხარდაჭერილი იყო არა ერთი სენატორისა და დეპუტატის მიერ. ამ პოლიტიკურ თამაშში ერევა პრეზიდენტი და ამბობს: გინდათ ეს ორი ოდიოზური ფიგურა? – გყავდეთ და აბა ვნახოთ რა იქნება“, – განმარტა წულუკიანმა.