„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მოთხოვნა ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
ორგანიზაციის შეფასებით, მშენებლობის ნებართვა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის აპრილში, სავალდებულო დოკუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე უკანონოდ გასცა. ნამახვანჰესზე გაცემული ნებართვის შესწავლა ცხადყოფს, რომ დასაბუთებისა და დოკუმენტაციის კანონში გათვალისწინებული პროცედურა კომპანიას დაცული არ აქვს.
ცენტრის შეფასებით, მიუხედავად ხელშეკრულების გაწყვეტისა, ეს სამშენებლო ნებართვის ბათილობას არ ნიშნავს.
„ამავდროულად, პროექტის დღევანდელი, ბუნდოვანი მდგომარეობა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს უკანონო ნებართვის გამცემ უწყებებს. ამიტომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიმდინარე სამართლებრივი დავის გაგრძელება, მათ შორის სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.
ნებართვის გაცემის შესწავლა ცხადყოფს სააგენტოს წარმომადგენელთა ლოიალურ დამოკიდებულებას კომპანიის მიმართ. უფრო მეტიც, პირობიანი მშენებლობის ნებართვის გაცემისას, სააგენტომ გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და ნებართვის მაძიებელს თვითონვე შესთავაზა გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გამარტივებული წესით, კონკრეტული პირობებით და სავალდებულო დოკუმენტაციის სამომავლოდ წარმოდგენის პირობით გაეცა მშენებლობის ნებართვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
სრული განცხადება იხილეთ ბმულზე;