სოციალურ ქსელში მოქალაქე ნინო ჟორჟოლიანმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სტამბა „Rezon“-ის დირექტორი, რეზო რაზმაძე თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
ჟორჟოლიანის თქმით, მისი მეგობარი, გვანცა ქველაძე 2020 წლიდან მუშაობს სტამბაში და ამ 3 წლის განმავლობაში დირექტორი ქველაძეს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ყურადღებას ამახვილებდა ბავშვობაში მიღებულ დამწვრობაზე. როგორც ის წერს, 2 დღის წინ მისი მეგობრის მიმართ ისევ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.
„პუბლიკა“ გვანცა ქველაძეს დაუკავშირდა. სტამბა „Rezon“-ის თანამშრომელი ადასტურებს დირექტორის მხრიდან მასზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. როგორც ის ამბობს, შემთხვევა 14 ივნისს მოხდა. მისი თქმით, რეზო რაზმაძემ მას ჯერ ხელში ჩაარტყა და ტელეფონი დააგდებინა, შემდეგ კი თავში დარტყმა იგრძნო.
როგორც ქველაძე აღნიშნავს, დირექტორის მხრიდან აგრესიის მიზეზი იყო ის, რომ მან სამუშაო დღის ბოლოს ტერიტორია არ დაასუფთავა.
„სამუშაო პროცესში ვიყავი დილით ჩვეულებრივად, უცბად შემოვიდა უფროსი, რომელიც ყოველთვის გვესალმებოდა ხოლმე და პირდაპირ დაიწყო: „გვანცა, შე ღორო“. უცბად ვერ მივხვდი, სხვას ხომ არ მიმართავს-მეთქი, დავფიქრდი. შემდეგ უკვე დაიწყო „წადი, მომშორდი“, „წაეთრიე“, „რას ჰგავხარ“. ამით ხაზი გაუსვა ბავშვობაში მიღებულ დამწვრობას, რომელიც 10 წლის ასაკში მივიღე და გარკვეული ნაიარევები აღმენიშნება სახეზე. ეს „რას ჰგავხარ“ იყო ყველაზე მეტად მტკივნეული.
ძალიან შემრცხვა იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მეუბნებოდა თანამშრომლების წინაშე. საბოლოო ჯამში, როდესაც დაინახა, რომ ვიღებდი, ჯერ ხელში ჩამარტყა და ტელეფონი გამაგდებინა და მერე უკვე, როცა წავბორძიკდი, თავში ვიგრძენი მისი დარტყმა. შემდეგ ბიჭებმა, ვინც იქ იმყოფებოდა, გაიყვანეს და გაგვარიდეს.
მიზეზი იყო ის, რომ სამუშაო დღის ბოლოს რატომ არ დავგავე იქაურობა, რაც ნამდვილად არ შედის ჩემს მოვალეობებში. ჩვენ ფიზიკურად გვიწევს მუშაობა დილიდან საღამომდე, როცა სამსახურში ვერ ვასწრებთ საქმეს, სახლში მოგვაქვს და სახლიდან ვმუშაობთ. იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკურად ძალიან ვიღლებით, იმდენად, რომ სამუშაო დღის ბოლოს ნამდვილად აღარ მაქვს ხოლმე იმაზე ფიქრის უნარი, რომ იქაურობა დავასუფთაო და ასე შემდეგ. მით უმეტეს, კომპანიას ჰყავს დამლაგებელი, რომელიც ასუფთავებს სამუშაო გარემოს“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას გვანცა ქველაძე.
ქველაძის თქმით, დირექტორის მხრიდან მასზე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევა მარტის თვეშიც იყო, როდესაც რეზო რაზმაძეს მაგიდების განაწილება არ მოეწონა. გარდა ამისა, ქველაძე ამბობს, რომ არაერთხელ შესწრებია ფაქტს, როდესაც თანამშრომელს უტირია იმის გამო, რომ დირექტორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„მსგავსი შემთხვევა მარტის თვეშიც იყო. 2-სართულიან შენობაზეა საუბარი, მოხდა ისე, რომ მეორე სართულზე ბიჭებმა ამოიტანეს მაგიდები და ჩვენ უნდა გაგვენაწილებინა. რატომღაც არ მოეწონა, ჩემი მაგიდა რომ ერთ ადგილას დავდე, მერე სხვაგან გადავაჩოჩე, ისევ არ მოეწონა და მოკლედ საბოლოო ჯამში ვუთხარი, სად დავდო ეს მაგიდა-მეთქი და მიპასუხა „თავზე დამადე“, „შენ ნაგლი ხარ, მაგის მკადრებელი ხარ”.
არაერთი ფაქტის შემსწრე ვარ, როდესაც ჩვენს თანამშრომელს უტირია იმის გამო, რომ ეს ადამიანი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა“, – ამბობს ქველაძე.
„პუბლიკის” ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. შსს ფაქტს 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებს.
საქმეში ჩართულია შრომის ინსპექცია. როგორც უწყებაში გვეუბნებიან, დეტალურად გამოიკითხა დაზარალებული და მიმდინარეობს საქმის შესწავლა.
„პუბლიკა” სტამბა „Rezon”-ის დირექტორთან, რეზო რაზმაძესთან ცდილობს დაკავშირებას. ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.