ხერხეულიძე „ოცნებას“: რომელს გეყოფათ გამბედაობა, შეაფასოთ, არის თუ არა ლეგიტიმური პუტინი?

პუბლიკა

„რომელს გეყოფათ გამბედაობა, შეაფასოთ, არის თუ არა ლეგიტიმური პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი?”, – ამ კითხვით მიმართა „ქართულ ოცნებას” პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ეკა ხერხეულიძემ.

ხერხეულიძემ რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” არცერთი დეპუტატისგან არ მოუსმენია შეფასება და განცხადება, არის თუ არა ეს კანონდარღვევა და როგორია მათი პასუხი.

მეგობრებო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდა ე.წ. არჩევნები. დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე. ჩვენ ამაზე შეფასებები არ გვაქვს, ტყვეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულები იყვნენ მიეღოთ ამ ფარსში მონაწილეობა და უკვე მერამდენედ, საქართველოს ხელისუფლებას ამაზე პასუხი არ გააჩნია…  „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მივმართო – რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ – არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი?“, – თქვა ხერხეულიძემ.

მან ასევე ილაპარაკა ნატო-ს გენერალური მდივნის რეგიონულ ტურნეზე, მათ შორის, ვიზიტზე საქართველოში და თქვა, რომ სწორედ ამაზე უნდა აკეთებდნენ შეფასებებს უმრავლესობის წევრები, თუმცა ასე არ იქცევიან.