ხერსონის ოლქში უკვე 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 12 დეკემბერს ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ამ საღამოს მდგომარეობით, თავდაცვის ძალების მიერ კონტროლი დამყარებულია ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები“, – თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ხერსონიდან გაქცევამდე ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გაანადგურეს და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე უკვე ამოღებულია დაახლოებით 2 000 ფეთქებადი ნივთი.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქში ჯოჯოხეთია, რადგან უკიდურესად სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს.
9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურობამ მიიღო გადაწყვეტილება ხერსონიდან რუსეთის ძალების დნეპრის მარცხენა ნაპირზე გაყვანის შესახებ. ხერსონიდან რუსი სამხედროების გაყვანა 11 ნოემბერს დასრულდა. მოსკოვის განცხადებით, ხერსონიდან 30 000 რუსი ჯარისკაცია გაყვანილი.
ხერსონი ერთადერთი რეგიონული ცენტრი იყო, რომელიც რუსეთის ძალებმა უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის შემდეგ დაიკავეს. რუსი სამხედროების ხერსონიდან გაყვანა რუსეთისთვის ომში დიდ წარუმატებლობად მიიჩნევა.