ვროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა განმარტა, რა განსხვავებაა ევროკავშირის დირექტივასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს შორის.
კითხვა მას მმართველი პარტიის პროპაგანდის კონტექსტში დაუსვეს – „ქართული ოცნება” ცდილობს, ევროკავშირის დირექტივა რუსული კანონის ანალოგად წარმოაჩინოს.
ევროკავშირმა 2023 წლის 12 დეკემბერს მიიღო „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტი. პაკეტის ნაწილია დირექტივის პროექტი, რომლის მიზანიცაა წევრ სახელმწიფოებში მესამე ქვეყნების მიერ ანტიდემოკრატიული ჩარევისა და გავლენების შემცირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.
არის ზედაპირული მსგავსება რუსულ კანონს და ევროდირექტივას შორის. მაგალითად, დირექტივის პროექტი ითვალისწინებს მესამე ქვეყნების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების აღრიცხვის მექანიზმის შექმნას.
მიუხედავად ამისა, დირექტივა და რუსული კანონი ერთმანეთისგან ძირეულად განსხვავდება როგორც კონტექსტით, ისე შინაარსით.
ხერტ იან კოოპმანმა თქვა:
„ევროკავშირმა გამჭვირვალობისა და დემოკრატიის შესახებ კანონის დირექტივა წარადგინა, რომელიც ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია. როგორც ვთქვი, ჩვენ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მხარეს ვდგავართ. ევროდირექტივის მიზანი არ არის საზოგადოებაში არსებული კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირება და არ განსაზღვრავს მათ უცხოური ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე აქტორებად, როდესაც ისინი დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ”.
ევროპული დირექტივა მტრული სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავდაცვის ღონისძიებათა ფართო ძალისხმევის ნაწილია.
„ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული და მეორე მოსმენით მიღებული კანონი მიზნად ისახავს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს აკვირდებიან და საზოგადოებას გადაცდომების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. მმართველი პარტია ამას ღიად ამბობს. ასევე ღიად აცხადებს, რომ მტრად დასავლეთს მიიჩნევს.