არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ არალეგიტიმური პარლამენტი პრეზიდენტის არჩევას უკანონოდ, ვადების დარღვევით აპირებს.
მისი შეფასებით, „უხილავმა ხელმა“ ისევე უკანონოდ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტის სხდომა.
„14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევა არის არაკონსტიტუციური და უკანონო! პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ მას არალეგიტიმური პარლამენტი ირჩევს, მას ამძიმებს თავად არჩევნების ჩატარების კანონსაწინააღმდეგო პროცედურა და ვადები.
საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 50) ადგენს, რომ „საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ხოლო „პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“. ორგანული კანონის ქვეშ, იგულისხმება „საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. პრეზიდენტის არჩევის წესს განსაზღვრავს კოდექსის XI თავი: „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები“. კერძოდ, კანონი ადგენს, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებიდან 45 დღის ვადაში. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, პრეზიდენტის არჩევის კონსტიტუციური ვადა იყო 2025 წლის 9 იანვარი. ამ ვადის გადაცილება არ შეიძლება. პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დანიშნა.
დიახ, არჩევის ვადების შემცირება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაირღვეს საარჩევნო კოდექსით დადგენილი არჩევნების პროცედურები და ვადები. მაგალითად, საარჩევნო კოდექსი ადგენს, რომ „პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს“ (მუხლი 97), და „პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს“ (მუხლი 97). ანუ მხოლოდ „კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ“, კოლეგიის 30 წევრს შეუძლია კანდიდატის წარდგენა.
რა მოხდა სინამდვილეში:
1. უკანონობა რომელსაც 14 დეკემბერს საქართველოს პარლემენტი ჩაიდენს კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ არის არჩევნების დანიშვნის ვადის დარღვევა – პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დასაშვებია არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ერთმნიშვნელოვნად ამბობს კანონი.
14 დეკემბრიდან უკან რომ გადმოვთვალოთ, კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადა 15 ნოემბერს გამოდის, ანუ მაშინ როდესაც. პარლამენტის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ჯერ გამოქვეყნებულიც არ აქვს ცესკოს! (16 ნოემბერს გამოქვეყნეს).
აქვე უნდა განიმარტოს, რომ საარჩევნო კოდექსი იცნობს “გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა,” ცესკოს უფლებას “დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები”. (მუხლი 14.1.გ)
თუმცა მნიშვნელოვანია პირობა რომელსაც კანონი აყენებს მხოლოდ “გამონაკლის შემთხვევაში“ და რაც მთავარია, თუ „შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა“. შესაბამისად, კანონის ასეთი ჩანაწერი აუცილებლად გულისხმობს ამ გარემოებების აღწერას და დასაბუთებას. ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება დეტალურად უნდა ხსნიდეს და განმარტავდეს გარემოებას, რაც ვადების დაცვას შეუძლებელს გახდიდა. ბუნებრივია, მსგავსი ახსნა და გარემოებების განმარტება დოკუმენტებში არ არსებობს.
2. ცესკომ საარჩევნო კოლეგია დაამტკიცა განკარგულებით 2024 წლის 2 დეკემბერს. ანუ, მხოლოდ 2 დეკემბრის შემდეგ იყო შესაძლებელი პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა და არა 27 ნოემბერს, როგორც ეს მოხდა. მეტიც, ცესკოს გვერდზე წარდგინების ტექსტი საერთოდ არ იძებნება. გამოქვეყნებულია „ცნობა“ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირებული პირის შესახებ“ და ეს ცნობა არ შეიცავს არავითარ რეკვიზიტს, „ბლანკს“, ან წარმდგენი 30 პირის ხელმოწერებს“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.
ხვალ, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ ჩაატარებს პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს.
ეს „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.
მან საზოგადოებას თავი გინებით, ზიზღის ენით და ანტიდასავლური განცხადებებით დაამახსოვრა. საჯარო წყაროებით არ იძებნება მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს.
საარჩევნო კოლეგიის 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერაა საჭირო.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და ბარიერგადალახული სხვა პარტიები არც პარლამენტის და არც საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.