ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭაში ტყის გადაცემის პროცესი შეუჩერეს

პუბლიკა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-სთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია.

სამსახურის ცნობით, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540 ჰა, „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიაზე ფიქსირდება.

სააგენტოს უფროსის ბრძანებით, სალიცენზიო პირობების თანახმად არსებულ ტერიტორიაზე შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-ს 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში.

უწყების ცნობით, კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

აღნიშნულის გამო, სამსახურმა შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი და გადაგზავნა ამბროლაურის სასამართლოში.

ამბროლაურის სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-სთვის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა.

„მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.


თავდაპირველად „მთის ამბების“ ძალისხმევით, გაირკვა, რომ ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია. ის რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია და სანქცირებულ რუსი ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოსთან დაახლოებული პირია.

რაჭის მოსახლეობა, აქტივისტები, დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ტყის გადაცემას აპროტესტებენ და ლიცენზიის გაუქმების მოითხოვენ. ამ მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებაც მიმდინარეობს. მათივე თქმით, პროცესის შეჩერება კი არა, ლიცენციის გაუქმებაა საჭირო. 


ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმე დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 2022 წლის მარტში გადაეცა.

2022 წლის ივლისში „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირისთვის, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ასევე, „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რათა ბათილად იქნას ცნობილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ის ბრძანებები, რომლითაც რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა.

ორგანიზაციების თქმით, ეს გადაწყვეტილებები მიღებულია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის, გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკების წინასწარი შეფასების გარეშე, ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით.