დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის განახლების პროცესში ხარვეზების მოკვლევის შედეგად, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და მას პროკურატურა შეისწავლის. მისივე თქმით, ამ ხარვეზების შედეგად დაახლოებით 85 ათასი ლარით დაზარალდა დედაქალაქის ბიუჯეტი.
„იცით, რომ გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ჩვენ გარკვეული სამუშაოები ჩავატარეთ, მთლიანად მოხდა ამ ორი ცენტარალური ქუჩის განახლება, რეაბილიტირება, კეთილმოწყობა. განხორციელდა დახაზვითი სამუშაოები, მიმდინარეობს შუქნიშნების მონტაჟი, თუმცა ხიზანიშვილის ქუჩაზე იყო გარკვეული პრობლემები, ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე მოხდა ახლად რეაბილიტირებული ასფალტის ჩაწევა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და მაშინ შიდა აუდიტის სამსახურს დავავალე, რომ განეხორციელებინა მოკვლევა თუ რა იყო ამისი მიზეზი. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სრული მოკვლევა. შედეგად დადგინდა რომ საპროექტო დოკუმენტაციაში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, დოკუმენტაციაში იყო სერიოზული ხარვეზები და მთელი ჯჭვი პრობლემების.
დაახლოებით 85 ათასი ლარით დაზარალდა დედაქალაქის ბიუჯეტი. აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. ამ მოკვლევის შედეგად ვლინდება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული და რა თქმა უნდა, ეს საკითხი გადაეგზავნება გენერალურ პროკურატურას შემდეგი მოკვლევისა და გამოძიებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.