ხმალაძე: დღეს კონსტიტუციის დაცვა შეუძლია ხალხს, რომელიც არის ხელისუფლების წყარო

პუბლიკა

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შესახებ აცხადებს, რომ კონსტიტუცია ვერ დაიცვა კიდევ ერთმა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა, თუმცა მისი დაცვა შეუძლია ხალხს, რომელიც ხელისუფლების წყაროა.

„დღეს წავიკითხე საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება და სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ის, რაც წავიკითხე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულიც იყო, დაებრუნებინა საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციის ჩარჩოს ფარგლებში. მან ეს არ გააკეთა.

განჩინების შინაარსსა და პროცედურაზე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, ამ განჩინებამ ჩემზე დატოვა ასეთი შთაბეჭდილება – მოსამართლეებმა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ანუ დასაშვებად არ უნდა ეცნოთ ის ორი კონსტიტუციური სარჩელი და შემდგომ შეეცადნენ, რამენაირად გაემართლებინათ ეს გადაწყვეტილება და გამართლება, ჩემი აზრით, არ გამოუვიდათ,  იმიტომ ეს არის სიტყვებით და ცნებებით ჟონგლიორობა, რომელიც ჩემი ხნაგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ მინახავს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებები საბჭოთა კავშირის დროს. სამწუხაროდ, იგივე ვნახეთ დღესაც.

სამწუხაროა, რომ კიდევ ერთმა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა უარი თქვა კონსტიტუციის დაცვაზე.

დღეს ვინ დაგვრჩა კონსტიტუციის დამცველად კონსტიტუციური ინსტიტუტებისგან? რაც თქვა ქალბატონმა პრეზიდენტმა, ყველაფერში ვეთანხმები, ერთი რამის გარდა, ერთ რამეში ვერ დავეთანხმები, რომ დარჩა მხოლოდ ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი.

არა, ბატონებო. დარჩა კიდევ მეორე ინსტიტუტი, ესაა ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების წყარო და კონსტიტუციის დაცვა, რეალური დაცვა, ფაქტობრივი დაცვა დღეს შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს და იმედი მაქვს, ისინი ამას გააკეთებენ“, – თქვა ხმალაძემ.