ხმალაძე სუს-ში დაბარებაზე: ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინებაა

პუბლიკა

უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ გამოკითხვის შემდეგ აღნიშნა, რომ მას კითხვები უკრაინაში ყოფნასთან და წარსულში საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვეს. ხმალაძე აღნიშნულს წინასაარჩევნო დაშინებად აფასებს.

„დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე. ჩემს საქმიანობაზე წარსულში, ოღონდ ძალიან შორს წარსულში. დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივი, რაღაც ყოფითი კითხვები. არც კონკრეტულად ვინმე პირზე ყოფილა საუბარი, ზოგადი საუბარი იყო – ხომ არ მაქვს ვინმესთან უცხოეთში კავშირი. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება, შეშინება თუ რაღაც ასეთი”, – აცხადებს ნადიმ ხმალაძე

ხმალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, იყო კითხვები ტერორიზმთან დაკავშირებითაც, თუმცა კითხვების შინაარსი „აბსურდული“ იყო.

„იყო კითხვები, რა თქმა უნდა, ტერორიზმთან დაკავშირებით, გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით, – ეს იყო ისეთი კითხვები, მე რომ კითხვა დამისვათ, კენედი ხომ არ მოკალი შენო. თუ არის საშიშროება, რომ ქვეყანაში მოხდეს რაიმე ტერორისტული აქტი, რაიმე სახელმწიფო გადატრიალება, გარკვეული კონკრეტიზაცია უნდა მოხდეს, თუ გინდა, რომ ვინმესგან ინფორმაცია მიიღო, ასე საბავშვო კითხვების დასმა, ეს იყო ძალიან აბსურდული, უბრალოდ ვერ გავიგეთ კითხვების შინაარსი, ვის წინააღმდეგ იყო და რას ემსახურებოდა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ნადიმ ხმალაძემ 20 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით უწყებაში იბარებდა.