ხმის მიცემა ძველი პირადობებით — რა ეტაპზეა ფრიდონ ინჯიას ინიციატივის განხილვა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომავალ კვირაში გაიმართება სამუშაო შეხვედრა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, სადაც განიხილავენ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ძველი, ლამინირებული პირადობის მოწმობითაც შეეძლებათ.

ცვლილებები, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შედის, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

კანონპროექტის თანახმად:

არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ნაცვლად პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის) და/ან პასპორტისა, მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვთ. 

„საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის) ან მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობის (პირადობის მოწმობა, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში.“ – ნათქვამია კანონპროექტში.

კობახიძის თქმით, დამატებით მსჯელობა ყველა დეტალთან დაკავშირებით შეიძლება და შესაძლებელია გამოინახოს ზომიერი ვარიანტი, რომელიც ერთის მხრივ დააზღვევს ყველა თეორიულ რისკს და მეორეს მხრივ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არ სურს ID-ბარათის აღება, მისცემს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას.

ინჯიას ინიციატივას გამოეხმაურა „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

„ვის გაუგია ქაღალდით ელექტრონული არჩევნების ჩატარება, რომელსაც არ ექნება ელექტრონული წამკითხველი?! ვითომ აპელირებენ „ბნელ“ მოქალაქეებზე. არ არის 300 000 ჩვენი მოქალაქე „ბნელი“, – აღნიშნა გოცირიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ გამოცვალონ ძველი პირადობის მოწმობები, თუმცა აღნიშნავს, რომ ადამიანებისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ძველი პირადობების გამო, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„ძველი პირადობები ძალიან ცოტაა ჩვენს ქვეყანაში დარჩენილი. თუ მეკითხებით, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა, ამაზე პასუხი არის ჩვენს კონსტიტუციაში, საარჩევნო უფლება არის კონსტიტუციური უფლება და ის არ შეიძლება შეიზღუდოს. შესაბამისად, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ საბუთით, რაც მას გააჩნია“, – განმარტავს იოსელიანი.

„ევროპელი სოციალისტის”, ფრიდონ ინჯიას  განმარტებითი ბარათის თანახმად, ძველ, ქაღალდის პირადობის მოწმობას ათობით ათასი ადამიანი ფლობს, რაც მათთვის საარჩევნო უფლების წართმევაა. ინჯია მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტის მფლობელებს ხმის მიცემის უფლება უნდა ჰქონდეთ.