„ხომ არ მივცეთ შეღავათი იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გრძელვადიანი სასჯელი?“ – წულუკიანი ამნისტიის კანონპროექტზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს, 21 დეკემბერს დარეგისტრირდა და განსახილველად წამყვან, იურიდიულ კომიტეტს დაეწერა. კანონპროექტის შესახებ საბოლოო დასკვნა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა უნდა მოამზადოს.

ბიურო სხდომაზე კანონპროექტის შესახებ მოსაზრება გამოთქვა პარლამენტის კულტურის და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა,თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, საზოგადოებაში მოლოდინია, რომ პატიმართა იმ კატეგორიის სია, ვისაც ეს ამნისტია შეეხება, გაფართოვდება, ამიტომ, ის სვამს კითხვას: არის თუ არა ეს პროექტი საბოლოო და შესაძლებელია თუ არა მსჯელობა მის შეცვლაზე?

„რასაც ვაკვირდები, ავტომატურად მიდის საზოგადოებაში ამ ამნისტიის პროექტის შედარება 2012 წლის ამნისტიასთან.

ერთი მხრივ, ჩვენ მოგვიწევს, რომ თუნდაც ჩემი სახით, ამ პროცესში ჩავერთოთ და რატომ: ჩვენ გვახსოვს და ბატონ მიხეილს ახსოვს, რომელიც ჩემი პირველი მოადგილე იყო, რომ პატიმრებში იყო ძალიან დიდი მოლოდინი.

დაგვჭირდება, ალბათ, კიდევ უფრო მკაფიო კომუნიკაცია, რაშიც მზად ვარ, მეც ჩავერთო, რადგან არის კითხვის ნიშნები, რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორიც იყო 2012 წელს; აქ პასუხი, ვფიქრობ, მარტივია: ჩვენ 2012 წელს ციხიდან ვუშვებდით ხალხს, რომელთა უმრავლესობა საერთოდ დამნაშავეც კი არ იყო…

მაგრამ ეს ვერაფერს ვერ შველის იმას, რომ მოლოდინი არის, ეს ამნისტია გაფართოვდეს. მსჯელობისას, ალბათ, დაგვჭირდება დავსვათ კითხვა: ხომ არ მივცეთ შეღავათი იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გრძელვადიანი სასჯელი და ვთქვათ, არ დავრჩეთ იმ პროექტზე, რომელიც ახლა არის?

ამ კითხვის ნიშანს თუ ჩვენ არ დავსვამთ, საზოგადოება უკვე სვამს და თავს მოვიტყუებთ. ამიტომ, ალბათ, იურიდიულ კომიტეტზე და თქვენთანაც კარგი იქნება, თუ ამ კითხვაზე ვიმუშავებთ. არის ეს საბოლოო ვერსია, თუ ოდნავ მაინც უნდა გაფართოვდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, სანამ თანამდებობას დატოვებდა, 7500 მსჯავრდებული და 2500 ბრალდებული იყო საქართველოში. მან ბიუროზე დამსწრეებს შეახსენა, რომ საქართველო ევროსაბჭოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს.

წულუკაინის შეფასებით, ამ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს ვერც პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი, ვერც შინაპატიმრობა, იმ ფონზე, როდესაც შეწყალების ინსტიტუტი პასიურია. მან განხილვის პროცესში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.

„ეს ვერ შეეხება ოჯახში ძალადობას, რადგან შეიძლება, უფრო ცუდ შედეგებამდე მივიდეთ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს პროექტი საზოგადოებისთვის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება“, –  განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტში არის ის, რაც 2012 წელს არ ყოფილა:

„ეს არის სისხლის სამართლის ჯარიმებზე ამნისტია – აქაც ჩვენ დაგვჭირდება ფინანსთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებები და მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და ვინაიდან 2012 წელს მაშინდელმა ჩვენმა  კანონმდებელმა დაივიწყა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირები და ახლა ეს მწარედ ახსოვთ, უთხრა მათ თქვენი ყველას სახელით და ბატონი არჩილი იყო მაშინ დიდი გულშემატკივარი, რომ ამ პროექტით უვადო პატიმრბები არ არიან დავიწყებულები და ისინი ყოველდღე თვალს ადევნებენ მსჯელობას ამ კანონპროექტზე და მინდა გითხრათ, ძალიან ბევრ იურისტზე უკეთეს იურისტებად ჩამოყალიბდნენ საპატიმროში“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებას და ინიციატივას ჩართულობის შესახებ მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და განაცხადა, რომ პარლამენტის მიზანია, ყველაზე მეტად სამართლიანი პროექტი დამტკიცდეს.

კანონპროექტის შესახებ ბიუროს სხდომაზე მოსაზრება გამოთქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც.

„„იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი კოლეგების ჩართულობა და რა თქმა უნდა ალიან მნიშვნელოვანია ყოფილი მინისტის და ჩვენ იკოლეგის ჩართულობა და ყველას ჩართულობა დაჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა კომიტეტზე და გავივლით კონსულტაციებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.


„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა განთავისუფლებას ითვალისწინებს, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები, თუმცა კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან კიდევ ოჯახური ძალადობა.

„ამნისტიის წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც:

1. იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და, რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – დაზარალებულის თანხმობა;

2. ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია წინაპირობად ასევე ნასამართლობის არქონა.

3. გათვალისწინებულია აგრეთვე ხანდაზმული, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა განთავისუფლება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული მიდგომების მიხედვით მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას.

მისივე ინფორმაციით, ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

„ამ საკანონმდებლო პროექტის ინიცირებით, ჩვენ ვხსნით კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა მისაღები კანონის საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი ინიციატივა მოიცავს ასევე ნარკოდანაშაულებს, გარდა გასაღების დანაშაულისა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მსჯავრდებულები, რომელთაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამნისტრიის პროექტი შეეხება იმ მსჯავრდებულებსაც, რომელთაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული და რომლებიც 15, 20 და ზოგიერთი მათგანი 25 წელია, რაც სასჯელს იხდის საპატიმროებში. სარჯველაძემ ამ კუთხით ცალკე აღნიშნა 260-ე მუხლი, რომელიც ნარკოდანაშაულს ეხება.

„შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა (და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეისათვის ასეთი 3 პირი იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმროებში), სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდგომ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება სხვა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მათთან მიმართებაში დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასჯელის შეცვლის, შემსუბუქების საკმაოდ არამკაფიო დებულებებს შეიცავს.

„ამის გათვალისწინებით, ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს აგრეთვე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას. კერძოდ, მათთვის შეიქმნება თავისუფლებისათვის მომზადების სპეციალური პროგრამა, რაც კანონით დადგენილ ვადაში, მოსამართლეს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს. ასეთი მიდგომა (1) ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პერსპექტივების შექმნას, და ასევე (2) ეს წარმოადგენს ევროპულ სტანდარტს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის კუთხით. რასაკვირველია, ამ დროს მნიშვნელოვანი იქნება დაზარალებული მხარის უფლებებიც”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.