ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მოწმის სახით მირზა სუბელიანის შვილს, ალექსანდრე სუბელიანს კითხავდნენ.
სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. მისი გაღიზიანება მოჰყვა ალექსანდრე სუბელიანის ჩვენებას, როდესაც ის ხორავას ქუჩის დაპირისპირების წინაპირობებზე საუბრობდა. სარალიძემ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
„საკმარისი იყო ჩემთვის ეს ჩვენება, დანარჩენი შენზეა ყველაფერი“, – მიმართა ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას ადვოკატს, ზურაბ თოდუას.
მას დარბაზიდან მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია და ძმა, ლუკა კალანდიაც გაჰყვნენ. დარბაზში მყოფი ხალხი მათ შეკავებას ცდილობდა.
„თავის შვილის სულს ყიდის ყოველდღე“, – განაცხადა ბრალდებულის მამამ, თენგიზ კალანდიამ ზაზა სარალიძეზე.
თენგიზ კალანდიას თქმით, სარალიძის თანმხლებმა პირმა მას შეაგინა და უთხრა გარეთ გამოსულიყო, მაგრამ გამოსვლის შემდეგ ის ვეღარ იპოვა.
„სარალიძის თანმხლებმა პირმა, სახელი და გვარი სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ ვიზუალურად „ვირთხამ“ მე და ჩემს შვილს შეგვაგინა და ისე დატოვა დარბაზი, რომ მითხრა გარეთ გამოვსულიყავი ალბათ ძველბიჭურად საქმის გასარჩევად. მაგრამ, რომ გამოვედი გარეთ, სამწუხაროდ, გაქცეული დამხვდა.
ზაზა სარალიძემ რაღაც რეპლიკა ისროლა, რომე შჩვენება ჩემთვის საკმარისიაო, რომელიც იყო ზუსტად ბავშვის ერთწუთიანი თუ ორწუთიანი ჩვენების შემდეგ“, – განაცხადა თენგიზ კალანდიამ.
„ჩვეულებრივი პროვოკაცია იყო, სარალიძის თანმხლები პირისგან, რომლემაც მამაჩემს უთხრა, გამოდი შენ ახლა გარეთო. და რომელი ადამიანი მოითმენდა, მით უმეტეს, ამადენი ხანია, შეურაცხყოფას ვითმენთ; ხმას არ ვიღებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავმოყვარეობა არ გვაქვს? უბრალოდ, პატივს ვცემდით ამდენი ხანი გარდაცვლილების სულებს და არაფერს არ ვიძახდით; 2 წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და გადაგვიარა ყველამ თავზე. დღეიდან ყველას და ყველაფერს გაეცემა პასუხი, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ბრალდებულის ძმამ ლუკა კალანდიამ.
ხორავას ქუჩის საქმე
2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ამჟამად ორი მსჯავრდებული ჰყავს. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრს გუგა ბარბაქაძე იხდის, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით კი გიორგი ჯანაშია. თავდაპირველად, ამ საქმეზე დააკავეს ბარბაქაძეც, რომელსაც ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან ერთად დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაც ბრალდებოდა.
2018 წლის 31 მაისს პირველი ინსტანციის სასამართლომ ბარბაქაძეს დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდება მოუხსნა, გიორგი ჯანაშიას კი მუხლი შეუცვალა და მას სასჯელი არა მკვლელობის, არამედ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუწესა. გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ დავით სარალიძე სხვა პირის მიერ იყო მოკლული, რომელიც პოლიციას დაკავებული არ ჰყავდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის პროტესტი მოჰყვა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმის სამართლიან და სრულფასოვან გამოძიებას ითხოვდა. სარალიძე თავიდან მთავარი პროკურატურის შენობასთან მივიდა. პროკურატურასთან სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეებმაც დაიწყეს შეკრება, რომლებმაც მოგვიანებით ზაზა სარალიძესთან ერთად პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. იმავე დღეს, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.
ხოლო გუგა ბარბაქაძეს გამამტყუნებელი განაჩენი ისევ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მასაც თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეუფარდა.
2019 წლის 4 ივნისს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მკვლელობაში მონაწილეობას აბრალდებდა დავით სარალიძის მამა. მიხეილ კალანდიას საქმეს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანიც, რომელიც მკვლელობის დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. ზაზა სარალიძე მიიჩნევდა, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას ამ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და მას 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.