ხორავას ქუჩის საქმეზე საზოგადოება შეცდომაში პოლიტიკოსებმა შეიყვანეს – შოთაძე

პუბლიკა

ყოფილი  გენერალური პროკურორი და ამავდროულად გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ მისი გადადგომისას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი.

„პოლიტიკოსები ხშირად ცდილობენ ამგვარი საქმეების პოლიტიკური მიზნით გამოყენებას. ამ შემთხვევაშიც საზოგადოებაში არსებული გაუგებრობა გამოწვეული იყო პოლიტიკოსების მხრიდან მანიპულირებით“,– თქვა მან.

„გადაწყვეტილება იყო პირველი ინსტანციით, – ამბობს დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ექსპროკურორი, – ამ პროცესზე მართლმსაჯულება გრძელდებოდა და ყველაფერი წინ იყო. დიდი სამუშაო გვქონდა გასაწევი. ახლა ვხედავთ, ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს და მთელი რიგი შედეგებია“.

როგორც თავად ამბობს, იმიტომ გადადგა, საზოგადოებას დაენახა, რომ მისთვის  თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა, რომ „ეს იყო შესაძლებლობა, კანონის სამსახურში ყოფილიყო“.

ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად 2015 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. მან თანამდებობა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული პროტესტის ფონზე დატოვა. შოთაძე ახლა კვლავ გენერალური პროკურორობის კანდიდატია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს პასუხობს.