„ხორბლისა და ფქვილის დეფიციტი არ გველოდება, მაგრამ ფასი იქნება გამოწვევა“ - ასოციაცია

პუბლიკა

„ფიზიკურად, ხორბლისა და ფქვილის დეფიციტი არ გველოდება, მაგრამ ფასი იქნება გამოწვევა,“ – ამბობს „პუბლიკასთან“ ხორბლისა და ფქვილის  მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა.

რა მდგომარეობაა ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე, აქვს თუ არა მარაგი საქართველოს და ეძებს თუ არა ხორბლისა და ფქვილის ალტერნატიულ ბაზარს?

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ  უკრაინა და რუსეთი ხორბლის 30%-ს აწვდის მსოფლიოს ბაზრებს, მაგრამ ომის გამო, რამაც პორტების დაკეტვა და გადაზიდვის შეზღუდვა გამოიწვია, ამ რაოდენობის მიწოდებაც შეფერხებულია.

მისი თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ორი სახმელეთო მიმართულება, საიდანაც შემოდის ხორბალი და ფქვილი, ეს არის – ლარსის საბაჟო და გარდაბნიდან სარკინიგზო შემოსასვლელი.

„ეს ორი მიმართულება ძველი კონტრაქტებით მუშაობს, ანუ ახალი კონტრაქტები არ იდება სანქცირებული გადარიცხვების პირობებში ევროსა და დოლარზე. აქედან გამომდინარე, ახლა არის ის დრო, როდესაც განიხილება ალტერნატიული მიწოდება. საუბარია რუმინეთიდან და უნგრეთიდან ხორბლის იმპორტზე, ასევე განიხილება ევროკავშირის მიმართულება – საფრანგეთი და გერმანია. ესენი არიან ყველაზე მსხვილი მწარმოებლები და მომწოდებლები.

განიხლება ასევე ყაზახეთიდან სარკინიგზო გადასასვლელით  (მარნეულიდან, აზერბაიჯანის გავლით) ხორბლის იმპორტი. საუბარია თურქეთიდანაც – ბათუმისა და ახალციხის საბაჟოდან, მაგრამ აქედან უფრო ფქვილი, რადგან თურქეთი ფქვილის მწარმოებელია“, – ამბობს ის.

რაც შეეხება ახლა ქვეყანაში არსებულ მარაგს, ლევან სილაგავა ამბობს, რომ ქვეყანაში არსებობს ხორბლისა და ფქვილის ერთ თვის მარაგი.

„ეს არის სასურსათო უსაფრთხოების დანიშნულების მარაგი. გაეროს რეკომენდაციაა, რომ სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ორთთვიანი მარაგი იყოს ქვეყნებში. შესაბამისად, ამ წუთისათვის ეს მარაგი არის, მიმდინარეობს მისი განახლება და, როგორც ზემოთ გითხარით, განიხილება ალტერნატიული გზები“, – ამბობს ლევან სილაგავა.

ის „პუბლიკას“ ეუბნება, რომ წინა კვირას ასოციაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც სწორედ ამ ალტერნატიულ მიმართულებებზე იყო საუბარი.

მისი თქმით, ფიზიკურად, ხორბლის შემოტანის პრობლემა საერთოდ არ არსებობს. პრობლემა შეიძლება დადგეს ფასთან მიმართებაში, ოღონდ, არა ახლა და მყისიერად.

„ამ წუთისთვის ფასი არის სტაბილური, მათ შორის, ხორბლის უკვე შემოტანილ მარაგზე.  შემდგომ, თუ იქნება ზრდის ტენდენცია, მაინც მყისიერი დარტყმა არ მოხდება ფასზე, სავარაუდოდ. თვე, თვე-ნახევარი ეს ფასი იქნება სტაბილური, მათ შორის – ფქვილსა და პურზე. პურის მწარმოებელთა ასოციაციაც იყო ჩვენთან ერთად შეხვედრაზე.

ხორბალი არსებობს და ფქვილადაც არსებობს მარაგები, ამ კონკრეტულ თვე, თვე-ნახევარში ამაზე საუბარი არ არის. არც რაოდენობრივ შეზღუდვაზეა საუბარი, რადგან არსებობს და ჯაჭვი არ გაწყვეტილა. ახლო მომავალში კიდევ შემოვა ხორბალი და, შესაბამისად, თუ ფასზე იქნება ლაპარაკი – თვე თვე-ნახევრისა და ორი თვის შემდეგ, სავარუდოდ, რადგან მსოფლიო ბაზარზე ფასი გამოწვევაა, რა თქმა უნდა“, – ამბობს ის.

ლევან სილაგავა ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ ფასის ზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო სხვადასხვა ინსტრუმენტს გამოიყენებს – იქნება ეს სუბსიდირება თუ სხვა.

როგორც ის ამბობს, ტენდენცია აჩვენებს, რომ  საერთაშორისო ბაზარზე მომავალში ხორბლის ფასზე ცვლილება იქნება, რადგან ომის გამო, ფულადი სახსრების ნაკლებობაა, მოსავლის მიღების სამუშაობზეც შეფერხებაა, ამიტომ ეს გამოწვევა დგას.

„შესაბამისად, ეს რისკი არის მსოფლიოსთვის. მსოფლიო ბანკმა განაცხადა და, ასევე, გაეროს შესაბამისმა კომიტეტმა, რომ სოფლის მეურნეობა, ალბათ, მომავალში დადგება საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე ხორბლის მიმართულებით, ამიტომ ეს არაა მხოლოდ ჩვენი გამოწვევა. რა თქმა უნდა, ფასების მატების ტენდენცია არის მსოფლიოში და, სავარაუდოდ, გაგრძლდება.

ერთი დამაიმედებელი ფაქტორი კიდევ ფიზიკურად ხორბლის არსებობის საქართველოში.  ეს არის ადგილობრივი ხორბლის მოსავალი, რომელიც ივნისში იქნება. ეს არის ხოლმე დაახლოებით ხორბლის საერთო მოხმარების 12%. ეს არის ორი თვის მარაგი, რაც სერიოზულად წაადგება ქვეყანას, რომ ფიზიკურად საქართველოში იქნება ხორბალი, თორემ ფასის მიხედვით, მწარმოებლები გაყიდიან იმავე დინამიკით, იაფად არავინ არ გაყიდის, ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკის პრინციპია. უბრალოდ, კარგია, რომ ფიზიკურად ხორბალი გაქვს ადგილზე“, – ამბობს ლევან სილაგავა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, უკვე 12-ე დღეა.

საქართველო იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის 95%-ზე მეტს რუსეთში ყიდულობს.

საქსტატის მიხედვით, უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 2022 წლის თებერვლის მონაცემებით: