„თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე „ფედერლისტების” ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილსა და მის შესახებ „ენმ-ის” განცხადებასთან დაკავშირებით წერს:
„თავისუფლების მოედნის” მთავარი ამოცანა წინააღმდეგობის გაძლიერება, მიტაცებული ძალაუფლებიდან „ოცნების” ჩამოცილება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა. როგორც აქამდე, ჩვენი ძალისხმევის უდიდესი ნაწილი სწორედ ამაზე იქნება მიმართული. ვფიქრობ, ამაში ჩვენ მნიშვნელოვანი და ღირებული წვლილის შეტანა შეგვიძლია.
რა გვაერთიანებს დანარჩენ შვიდ პარტიასთან? ამაზე პასუხი მარტივი და ნათელია: ის, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ რუსული ჰიბრიდული ომის „არჩევნებად” წოდებულ ოპერაციაში. ჩვენ არც საარჩევნო კოალიციაში ვართ და არც რაიმე ერთ პოლიტიკური გაერთიანებაში მათთან.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ბრძოლა ერთ და ორ პარტიაზე, ჯგუფსა და ლიდერზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ თვითორგანიზებულ ერთობათა ერთობას წარმოადგენდეს, რომლის წევრებსაც საერთო მიზანი აკავშირებთ. ამას სწორედ ამიტომ ვუჭერდი ყოველთვის მხარს – რომ ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკოსის შეცდომამ მთელი წინააღმდეგობა არ დააზიანოს.
ცხადია, ჩემთვის მიუღებელია თამარ ჩერგოლეიშვილის გუშინდელი საქციელი”.
28 აგვისტოს ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ.
მიზეზი „ფედერალისტების” ლიდერის მიერ დღეს, 28 აგვისტოს, ერთ-ერთი მედიის ფეისბუქ-გვერდზე დაწერილი კომენტარებია – თამარ ჩერგოლეიშვილმა მის მიმართ უარყოფითი კომენტარების ავტორებს პასუხად შეურაცხყოფა მათი ფეისბუქ-პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით მიაყენა.
ბოკუჩავას ამ განცხადებას გამოეხმაურა „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიაც და მანაც აღნიშნა, რომ 8 პარტიის ერთობა არჩევნების ბოიკოტს ეხება და არაფერ სხვას.
ელენე ხოშტარიამ დაწერა:
„დააფიქსირებს თუ არა ელენე ხოშტარია პოზიციას ბავშვის მიმართ საშინელ საქციელზე?”
„დაგმობს თუ არა ჩერგოს ელენე ხოშტარია?”
„8-იანი იშლება? ვერ შეუკვრიათ ერთობა”
„13-ში გასვლას აზრი აქვს?”
„რას იტყვის 8-იანის წევრი ელენე ხოშტარია”
„დაველოდოთ აბა რა ტაქტიკურ სვლას აირჩევს”
სირცხვილია, მეგობრებო.
ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა.
8-იანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე.
ამორალური ბევრი გიჭამიათ სათითაოდ, ძალიან ბევრი.
ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს და პოლიტიკოსებს ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა: ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი რაც ამას უშლის ხელს, არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა.
Ps. 8-იანი ვერ დაიშლება იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე, იმედია ერთმანეთის ჯინაზე მაგას არ იზამენ. სხვა არაფერია 8-იანი.
Pps. შიმშილობას აღარ ვაპირებ”.