„დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რუსული კანონის შემობრუნება არის „ანტიევროპული, ანტიქართული და ანტიევროპული ნაბიჯი, რომელიც „ოცნებამ” ხელმეორედ გადადგა იმისთვის, რომ საქართველო დააშოროს ევროკავშირს”.
მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსული კანონი ისევ ვერ მიიღონ, აუცილებელია ერთიანობა, ისევე როგორც მოქალაქეების, ასევე განსხვავებული შეხედულებების მქონე პოლიტიკური პარტიების.
„ეს არის მცდელობა ამოაშენონ კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის, „ქართული ოცნება“ მიდის ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა „ოცნება“ უპირისპირდება ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის უმრავლესობის მტკიცე ნებას, ის მარცხდება სრული კრახით და ასე იქნება ამჯერადაც… ეს არის ანტიქართული, ანტიევროპული, ანტიეროვნული გადაწყვეტილება. „გირჩი-დროას” სახელით მინდა, გამოვხატო მტკიცე ნება, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა დღეს მოქმედება. ერთად მოქმედება… მე მინდა, დავარწმუნო ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად კამათებისა, რომლებიც არსებობს პარტიებს შორის, დღეს ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ერთიანობა არის გადამწყვეტი რუსული გადაწყვეტილების, რუსული კანონის უკან წასაღებად…”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.