ხოშტარია: „ფლომასტრის მოსამართლემ“ იცოდეს - განაჩენის წერა შეუძლია, ჩემს ნებაზე ზემოქმედება - არა

პუბლიკა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელსაც უკვე 6 თვეა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, თავისი საქმის სასამართლო პროცესის მიმდინარეობას და განაჩენის გამოცხადების გადადებას ეხმაურება.

ელენე ხოშტარია კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერის გამო სისხლის სამართლის კოდექსით, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უარს ამბობს სასამართლო პროცესებში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობაზე, ამიტომ მას საზოგადოებრივი ადვოკატი ყავს. დღეს, 27 თებერვალს სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია და დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ეს 10 მარტამდე გადადო. ადვოკატი დასკვნითი სიტყვის თქმას არ აპირებს.

„დროა“ მიიჩნევს, რომ პროკურატურა საქმეს ხელოვნურად აჭიანურებს.

„დღეს დასკვნითი სხდომა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ე.წ. პროკურატურამ „მტკიცებულებების“ გამოკვლევა გააგრძელა. ელენე არ თანამშრომლობს და არ აღიარებს სასამართლოს და „რუსული ოცნების“ არცერთ შტოს, შესაბამისად, არ იღებს მონაწილეობას პროცესებში და არც სხდომებს ესწრება“, – აცხადებს პარტია.

თავად ელენე ხოშტარია კი ამბობს:

„მეგობრებო, იქნებ დამეხმაროთ „ფლომასტერის მოსამართლეს“ გავაგებინო, რომ ოლიმპიურად გულგრილი ვარ მის მიმართ და ჩვენი შეხვედრა, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს მისთვის, ვერ შედგება.

სერიოზულად კი, რაც უნდა, ის განაჩენი გააფორმოს. ერთადერთი, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ განაჩენის წერა შეუძლია, ჩემს ნებაზე ზემოქმედება კი – არანაირად.

ბოლომდე! | ელენე ხოშტარია

რუსთავის ქალთა ციხე“.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა აცხადებს, რომ მან დააზიანა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის შენობაზე გაკრული 3 ბანერი, რამაც 570 ლარის ზიანი გამოიწვია. ხოშტარიამ ბანერზე გააკეთა წარწერა: „რუსული ოცნება“. მოგვიანებით მან „ფეისბუქზე“ დაწერა: „სოლიდარობა მეგის“.

კახა კალაძის ბანერზე დატოვებული იმავე შინაარსის წარწერის გამო 2025 წლის 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე. მას 12 სექტემბერს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.