„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც მე-12 დღეა შიმშოლობს, ექიმებს მიმართა. მან სამედიცინო კონსილიუმის წევრებს მოუწოდა, რომ არ დაელოდონ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართვას და თავად მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლა, რათა საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო არ იცავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, აქედან გამომდინარე, ჩემი ძალიან დიდი პატივისცემითა და მოწიწებით მინდა მივმართო კონკრეტულად ექიმებს, ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს, ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში და კონკრეტულად ასევე იმ ექიმებს, რომლებიც შედიოდნენ კონილიუმში და რომელბსაც აქვთ გარკვეული ინსტიტუციური ბერკეტი, რომ ჩაერიონ სიტუაციაში“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ხოშტარიამ პატივისცემა დაუდასტურა კონსილიუმის წევრ ექიმებს და ბოდიში მოიხადა, რომ სხვა პროფესიის კომპეტენციაში უწევს ჩარევა.
„კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, რომ მე ვერევი სხვა პროფესიისა და სხვა ინსტიტუტების საქმიანობაში, ერთადერთი, რაც მე მამოძრავებს, ეს არის საზოგადოებრივი გარკვეული სიცხადის შემოტანა, რაც იქნება საფუძველი გარკვეული სიმშვიდის, რომ ვიცოდეთ რა ხდება და ვიმოქმედოთ შესაბამისად. დღეს პენიტენციური სამსახურის განცხადებები და გლდანს ციხის პირობები ჩვენ დამშვიდების საფუძველს ნამდვილად ვერ მოგვცემს“, – აღნიშნა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, „ძალიან პრიცნიპულად, მყარად, მხნედ“ აგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო საავადმყოფოში.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრები არიან: ალექსანდრე ცისკარიძე (ნევროლოგი), გიორგი გოცაძე (კრიტიკული მედიცინის ექიმი), ნინო შარაშენიძე (ჰემატოლოგი), ელენე გიორგაძე (ენდოკრინოლოგი) და ნიკოლოზ ყიფშიძე (სააკაშვილის პირადი ექიმი).