ხოშტარია როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა – კილაძე

პუბლიკა

„ელენე ხოშტარია როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის,  ელენე ხოშტარიას მოთხოვნას, გამოიძიონ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების წყაროები.

„ჩემი პირადი პოზიცია მინდა გითხრათ და „ქართული ოცნების” პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან არის რაიმე ფორმით ალიანსში ან მისგან ფინანსდება. ეს პირველ რიგში კანონის დარღვევაა, მაგრამ ასევე მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ამას გადაწყვეტს პროკურატურა, ეს პროკურატურის დისკრეციაა“, – განაცხადა კილაძემ.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. ხოშტარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვენ. საქმე ეხება პლატფორმა „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას, რომლის მიხედვით, რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევას და გავლენის მოხდენას სწორედ „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობით ცდილობს. საუბარია რუსეთის უშიშროების სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე,  ასევე დაფინანსებასა და რამდენიმემილიონიან ბიუჯეტზე, რომლის გადახდასაც კრემლი „პატრიოტთა ალიანსისთვის“ აპირებს.