„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისთვის სავალდებულო წესით დანიშნული სახაზინო ადვოკატი, ირაკლი ბენია აპირებს, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. ხოშტარიას 17 სექტემბერს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით. ხოშტარია ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის.
„ე.წ. სახაზინო ადვოკატი, ვინმე შარლატანი ირაკლი ბენია, ჩემი ნების წინააღმდეგ ბრძანდებოდა ჩემთან „კაპეზეზე“. წუთიც არ დამჭირდა, მეთქვა, რომ ის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი და არ ვცნობ მას, როგორც ადვოკატს, ამიტომ გავაგდე ოთახიდან. ახლა კი გავიგე, რომ აპირებს, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.
ნათლად განვაცხადე, მყავს არაჩვეულებრივი იურისტები (კერძოდ, შოთა თუთბერიძე), მაგრამ ეს საქმე არ არის, ეს სასამართლო არ არის და საერთოდ არ მაინტერესებს, იქ ვინ რას ბოდიალობს. დანაშაული არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი.
პ.ს. ეს ვინმე ბენია იმავეს აკეთებდა სინდისის პატიმრებთან გლდანში. იქიდანაც გამოაბუნძულეს.
ამიტომ ყველამ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის. მას არ გააჩნია თანხმობა და ამ ქმედებით, სავარაუდოდ, არღვევს კანონსაც“, – წერს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარიამ 17 სექტემბერს გამართულ პროცესზე გამოცხადებასა და დაცვაზე უარი თქვა. შესაბამისად, სხდომაზე არ გამოცხადებულა არც მისი კერძო ადვოკატი, შოთა თუთბერიძე. განხილვის დაწყებამდე მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა, ხოშტარიას საზოგადოებრივი ადვოკატი, ირაკლი ბენია დაუნიშნა, თუმცა პოლიტიკოსმა საზოგადოებრივ ადვოკატზეც უარი თქვა.
ამის მიუხედავად, ირაკლი ბენიას სასამართლოში მისვლა მაინც მოუწია. საზოგადოებრივ ადვოკატზე უარის პოზიცია, ირაკლი ბენიას განმარტებით, ელენე ხოშტარიამ მოსამართლეს უნდა გააცნოს და სასამართლომ მის მოხსნაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კანონში აღნიშნულია, რომ საქმეში ჩართული საზოგადოებრივი ადვოკატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ კანონით, სამსახურის დებულებითა და საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას. მოსამართლის განჩინებების გასაჩივრების უფლებამოსილებას ადვოკატს საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს.