ხოშტარია: უარს ვამბობ დაცვაზე და სასამართლოში გამოცხადებაზე

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დაცვის უფლებაზე და სასამართლოში გამოცხადებაზე უარს ამბობს.

„დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერით და მოწესრიგებული.

მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში ეს სანდომიანი მამაკაცი გადაიქცა რუსული სისტემის ჭანჭიკად, რასაც გულისტკივილით ვადევნებდი თვალს. სრული სერიოზულობით გადაწყვიტა, რომ წამიკითხოს „ბრალი“ თავად ამ ბრალის ჟღერადობრივი ნაწილი ჩემში სიცილის დაუოკებელ სურვილს იწვევდა. მართლა ეგონა, რამეს სერიოზული სახით წარმართავდა. ცხადია, შევწყვიტე ეს სპექტაკლი.

კარგად მინდა გესმოდეთ განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს. ამ ფარსში მილიმეტრითაც კი მონაწილეობის მიღება დაუშვებლად მიმაჩნია. გარდა იმისა, რომ თავმოყვარეობის საკითხია „ბანერის დასვრის დიამეტრზე“ საუბარი, პატარა დოზითაც კი მათ სიყალბეში ტექნიკური შეყოლა ამასთან შეგუებაა და ამას მე არ ვაპირებ.

შესაბამისად, უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ. კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ.

დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს შოთა თუთბერიძეს, რომელიც ამ არაორდინალურ ფორმაზე წამომყვა. ბოლომდე!“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი დღეს წარუდგინა. უწყება ამბობს, რომ მან დააზიანა კახა კალაძის საარჩევნო შტაბზე გაკრული 3 ბანერი, რამაც 570 ლარის ზიანი გამოიწვია.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე დაწერა: „რუსული ოცნება“. მოგვიანებით ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სოლიდარობა მეგის“.

კალაძის ბანერზე დატოვებული იმავე შინაარსის წარწერის გამო, 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. მას 12 სექტემბერს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. აქტივისტი დარბაზიდან გათავისუფლდა. ამ საქმეზე მომდევნო სხდომა 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.