„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ბუკნარში მის მიერ გაკეთებულ კომენტარს განმარტავს, რომელშიც მან ცალ-ცალკე მოიხსენია „ქართველები“ და „მუსლიმები“.
წილოსანის თქმით, „სეირის მაძიებელმა მედიამ“ აიტაცა „მექანიკური შეცდომა“ და ფრაზა კონტექსის გარეშე გაავრცელა. რაც მისი აზრით, საბჭოთა განათლების დანატოვარია. წილოსანი Facebook-ზე წერს, რომ მას ადგილობრიც ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის მხოლოდ უთანხმოების განმუხტვა უნდოდა და დაყოფა არ უფიქრია.
„სამწუხაროდ, ხშირად ადამიანებს წაკითხული ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ. ამოგლეჯილად რაღაც სიტყვას ჩაეჭიდებიან და მერე მთლიან კონტექტს კარგავენ. ეს საბჭოთა განათლების სისტემამ დაგვიტოვა და ვშიშობ ახლაც განსაკუთრებთ მაღალ საფეხურზე არ უნდა ვიყოთ ამ კუთხით..
მთელი ჩემი გურიაში ჩასვლის, ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი მაცხოვრებლების უთანხმოების განმუხტვის მცდელობა და ყველა ჩემი კომენტარი იმ განწყობას იზიარებდა რომ ჩვენი მუსლიმი მოქალაქეები საქართველოს, ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და რომ საქართველოს ქრისტიან და მუსლიმ შვილებს გასაყოფი არაფერი აქვთ!!
ამის პარალელურად სეირის მაძიებელი მედიის მხრიდან რაღაც მექანიკური შეცდომით გაჯერდა სივრცე. ან დამირეკეთ და მკითხეთ სწორად გაიგეთ თუ არა, ან დაინტერესდით ვგულისხმობდი თუ არა რასაც დაატარებთ წინ და უკან… ერთი-ორი გამონაკლისი ჟურნალისტის გარდა ეს სტანდარტი სხვებისთვის ალბათ არაამქვეყნიურია.
ამიტომ აქ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ საქართველოს მოქალაქე – ქრისტიანი, მუსლიმი თუ სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის შვილი და სახელმწიფოს მხრიდან ექნება თანასწორი მხარდაჭერა, ისევე როგორც დაფასება.
ამ პოსტის ბოლოს კი კითხვა: მართლა შინაარსი ვერ გაიგეს თუ განზრახ მავნებლობას ჰქონდა ადგილი (?)“, – წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი.
ნინო წილოსანი გურიაში, სოფელ ბუკნარში 15 იანვარს ჩავიდა, სადაც ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი თემი რელიგიურ ნიადაგზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ნინო წილოსანმა თემის წარმომადგენლებს შორის შერიგებისთვის გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.