ხშირად ხდება სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის იძულება - ISFED

პუბლიკა

2020 წლის შემოდგომიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორების ნაწილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა და მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა. სამინისტრო ამას ხელშეკრულების ვადის ამოწურვით ხსნის, თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

ორგანიზაციის შეფასებით, საჯარო სკოლების ხელმძღვანელთა მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით დატოვება წინასაარჩევნოდ საჯარო სკოლების პოლიტიზებისა და მათზე ზეწოლის რისკებს ზრდის.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ხშირად ხდება საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის იძულება და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება.

„აღნიშნულმა პრობლემამ განსაკუთრებით 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას იჩინა თავი. „სამართლიანი არჩევნების“ მიხედვით, 2018 წელს, აქტიურად ხდებოდა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევის და მისთვის არჩევნებზე ხმის მიცემის იძულება. ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებოდა საჯარო სკოლებში განხორციელებული დაუგეგმავი ინსპექტირებებიც. ერთ-ერთ ასეთ ფაქტს – ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის ჩატარებულ არაგეგმიურ ინსპექტირებას – საბოლოოდ, სკოლის დირექტორის გარდაცვალება მოჰყვა.“

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებზე ზეწოლა 2020 წლის არჩევნებზეც თვალსაჩინო იყო, თუმცა ამჯერად პოლიტიკური მიზნებით ინსპექტირების ნაცვლად, „არასასურველი“ დირექტორების მიმართ სადამსჯელო მექანიზმად უფლებამოსილების ვადის ამოწურვა გამოიყენეს;

„2020 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე დირექტორს, რომელთაც უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადა დაუმთავრდათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელშეკრულება არ გაუგრძელა, მაშინ როცა ზოგიერთი დირექტორი მოვალეობის შემსრულებლად დატოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრაქტიკა არათანმიმდევრულია და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ნიშნებს შეიცავს.“

ანგარიშის სრული ვერსია, რომელშიც სკოლის დირექტორების გათვისუფლების შესახებ კონკრეტული მაგალითებია ნაჩვენები, იხილეთ ბმულზე.