ხშირად ომბუდსმენის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს რეალობას - პრემიერი

პუბლიკა

„ამ შემთხვევაში, მე გავიზიარებდი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებს და ვიტყოდი, რომ ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს რეალობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა  სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადება შეახსენა პრემიერს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ენდობიან სახალხო დამცველს.

„ერთი რამ მინდა ვთქვა საჯაროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო, მჭიდრო, წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა ოფიციალურ სტრუქტურებთან. თქვენ ახსენეთ სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, უამრავი სხვა ორგანიზაცია, რომელიც რეალურად სახელმწიფოს წარმოადგენს, იქნება ეს შეერთებული შტატები, თუ ევროპის სტრუქტურები. მათ შორის ევროკავშირის სტრუქტურები, ევროკომისია, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, როცა საუბარი გვაქვს საგარეო ფრონტიდან, ასე ვთქვათ, მიკერძოებულ განცხადებებზე. ყურადღებით ვისმენთ და ვკითხულობთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ოფიციალური სტრუქტურების განცხადებებსა და მათ გზავნილებს, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე ძალიან მარტივად ვანსხვავებთ, აი ამ მეგობართა კლუბის მიკერძოებულ განცხადებებს, რომლებიც ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ასევე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის შერჩევისას იცოდა, რომ ნინო ლომჯარია არ იყო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და შეგნებულად მოხდა ასეთი კანდიდატის შერჩევა.