ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენი ექიმები არათუ 2 ან 3, ერთდროულად 4 ადგილასაც კი მუშაობენ - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემისთვის გამოწვევაა ექიმების დარგობრივად არათანაბარი გადანაწილება. რის შედეგადაც მათ ნაწილს ორ, სამ და ოთხ ადგილასაც კი უწევს მუშაობა. რაც ტიკარაძის თქმით, დრამატულია. ამის შესახებ ტიკარაძემ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„თითქოს გვაქვს ექიმების რაოდენობის სიჭარბე და ექთნების რაოდენობის სიმცირე, მაგრამ ექიმები დარგობრივად იმდენად არათანაბრად არიან გადანაწილებული, რომ ისეთ მნიშველოვან დარგებში, რომლებიც უფრო მეტად კრიტიკულია, ჩვენ არ გვყავს ექიმები.

ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენი ექიმები მუშაობენ არათუ 2 ადგილას, ან 3 ადგილას, 4 ადგილასაც მუშაობენ. ასეთია ექიმების 12% და ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს არის დრამატული მაჩვენებელი.

როდესაც ერთი ექიმი ორ ადგილას მუშაობს და ეს მაჩვენებელი არის 42%, ჩვენ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობაზე ვერ ვისაუბრებთ.

რა თქმა უნდა, ასევე განვიხილეთ, თუ რა არის გამომწვევი მიზეზები ამ მიმართულებით და თქვენ ხედავთ ამ მიზეზებს: ეს არის დაბალი ანაზღაურება, მოთხოვნადი პროფესია და ასევე სერვისების მიწოდების წყვეტა. ყველა ამ პუნქტის გათვალისწინება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, მაგალითად კადრების სიმცირეა ისეთ კრიტიკული სფეროს წარმომადგენლებს შორის, როგორებიც არიან რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგები და კარდიოქირურგები.

ტიკარაძის თქმით, ასევე გამოწვევაა ექიმების არათანაბარი გადანაწილება რეგიონების მიხედვით. რის შედეგადაც თბილსსა და რეგიონებს შორის ჯანდაცვის სერვისში უთანასწორობა ღრმავდება.

„როცა ერთი ექიმი გყავს სოფელში და მხოლოდ პარასკევობით, რთულია დაგეგმო ისეთი ხანგრძლივი პროცესები პირველად ჯანდაცვაში, როგორიცაა ვაქცინაცია და ტესტირება“, – თქვა ტიკარაძემ.