დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ონლაინკაზინოების რეგულირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იგეგმება გადასახადების გაზრდა და რეკლამის აკრძალვა. სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა რეგულირებასთან დაკავშირებულ გეგმაზე ისაუბრა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტრო წარმოადგენს ხედვას, რომელიც გულისხმობს დასაბეგრი ბაზრის სრულ ცვლილებას – როგორც რაოდენობრივ, ისე სტრუქტურულ ჭრილში.
„რაც შეეხება გადასახადებს, არა მხოლოდ ერთ გადასახადზეა საუბარი, მთლიანად სტრუქტურას ვცვლით დასაბეგრი ბაზის. სხვა მოდელი იქნება შემოთავაზებული საგადასახადო დაბეგვრის, როგორც მოგების მიმართულებით, ისე ფსონების მიმართულებით. აქ შემოვა ახალი დაბეგვრის მექანიზმი, ე.წ. GGR – ის დაბეგვრა, რომელიც ფსონებს შორის განსხვავების დაბეგვრას გულისხმობს. აბსოლუტურად განსხვავებული მოდელია დაბეგვრის.
აღნიშნული მოდელით საგადასახადო ტვირთი საკმაოდ მაღალი იქნება, იმ ფორმით, რომ ეს შეამცირებს მიმზიდველობას ამ სექტორში ჩართული ადამიანების მიმართ, მოთამაშეებს ვგულისხმობ. საგადასახადო ტვირთი იქნება გაზრდილი. რეგულაციები გამოიწვევს იმას, რომ შემცირდება სექტორში ჩართული ადამიანები, თუმცა, მეორე მხრივ, გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოფს, რომ დააბალანსოს დანაკლისი, რომელიც იქნება ბიუჯეტში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.