ხუდონის, ნენსკრასა და ნამახვანის ჰესების აშენება ჩვენს ენერგოსისტემას გამართავს წელში - თურნავა

პუბლიკა

„…აუცილებელია რამდენიმე მსხვილი წყალსაცავიანი სადგურის აშენება, რომელიც ინახავს წყალს და წყალი არის უძვირფასესი რესურსი და ახლა, გლობალური დათბობის პირობებში კიდევ უფრო ძვირფასი რესურსი ხდება. რაც უფრო დნება მყინვარები, მით უფრო უნდა შევინახოთ წყალი. შესაბამისად, ეს არის სულ რამდენიმე პოტენციური პროექტი – ეს არის ხუდონი, ეს არის ნენსკრა და ეს არის ნამახვანი, რომელთა აშენებაც ჩვენს ენერგოსისტემას გამართავს წელში და ჩვენ რეალურად ვიტყვით, რომ 2035 წლისთვის ჩვენ დავძლიეთ ეს გამოწვევა. ჩვენ ეს გვაქვს გეგმაში გაწერილი, რომელ პერიოდში რომელი სადგური უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში…“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

თურნავა, ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განვითარდეს მსხვილი წყალსაცავიანი ჰესები და არამარტო მცირე ჰესები. მან ასევე ისაუბრა ენერგოდამოუკიდებლობაზე.

„ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება სამეზობლოზე და იმპორტზე, პრაქტიკულად, რას იზამს იცით? – ჩვენი ელექტროენერგიის ფასების პოლიტიკას განსაზღვრავს რომელიმე მეზობელი და არა ჩვენ. იქ დაიგეგმება და იმათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოგვაწვდიან ელექტროენერგიას. პრაქტიკულად ჩვენ ვთმობთ დამოუკიდებლობის ბერკეტებს ჩვენს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე“, – აღნიშნავს თურნავა.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლების გარკვეული ნაწილი, ვინც ჰესს აპროტესტებს, არიან გულწრფელი და მიაჩნიათ, რომ ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებენ. მაგრამ თურნავას შეფასებით – „საქმეც იმაშია, რომ ცდებიან“.

„ცდებიან, რომ დღეს, უდიდესი პატრიოტული ამოცანა და უდიდესი ეროვნული ამოცანა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ის, რომ პირიქით, საკუთარი ენერგიის წყარო გამოვიყენოთ – აშენდეს ეს რამდენიმე მსხვილი ჰესი იმისთვის, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, ჩვენი დამოუკიდებელი სიტყვა ვთქვათ რეგიონში – გავხდეთ ექსპორტიორები”, – განაცხადა თურნავამ.

ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ თვლის ნათია თურნავა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მთავრობამ დააგვიანა, თურნავა პასუხობს, რომ ამ მოსაზრებას ეთანხმება:

„მე თავიდანვე ვთქვი და ვაღიარეთ ეს, რომ ნამდვილად, სხვა ტიპის კომუნიკაციაა საჭირო, როდესაც ასეთ დიდ პროექტს იწყებ და ნამდვილად, უკეთესად შეიძლებოდა… კი არის გასამართლებელი, ასე ვთქვათ, რაღაც არგუმენტები, რომ კოვიდი იყო, მაგრამ არ არის ეს კარგი გამართლება, იმიტომ, რომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მივიღეთ, რომ ადამიანები ვერ იგებენ, არ აქვთ ინფორმაცია, აკლიათ ჩვენგან განმარტება, აკლიათ ჩვენგან კომუნიკაცია და ამიტომაც დაგვავალა ჩვენ პრემიერმა კომუნიკაციის განახლება და ამ კომუნიკაციის ფარგლებში, რაც დავინახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები, შევეცადეთ და ინვესტორთან ერთად ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული შეთავაზებები“, – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.

თურნავას თქმით, სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომ „უფრო მეტად იყოს ბმა ქონების გადასახადსა და იმ დასახლებებს შორის, რომელიც უშუალოდ პროექტის არეალში შედის”.

„სხვათა შორის, ის პრობლემები, რომლებიც ენერგეტიკაში დაგროვდა და ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ არის შეფერხებები არამარტო ასეთი მეგაჰესების დროს, არამედ 5- 6 მგვტ-იანი სადგურებიც იწვევენ გარკვეულ გაუგეგბრობას მოსახლეობასთან. ამან დაგვანახა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთია ეს ინიციატივა, რომელიც მოდის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და კერძო სექტორიდან, რომ უფრო მეტად იყოს ბმა ქონების გადასახადსა და სწორედ იმ დასახლებებს შორის, რომლებიც უშუალოდ პროექტის არეალში შედის.

ქონების გადასახადის სახით 120 მლნ დოლარამდე იქნება გადახდილი ამ შემთხვევაში. მაგრამ მნიშვნელოვანია მართლაც, რომ გადანაწილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შიგნით მოხდეს ისე, რომ მეტი აქცენტი გაკეთდეს მართლაც იმ სოფლებზე, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება ამ მშენებლობებს და ასეთი ინიციატივა ძალიან საჭიროა და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ.

ასევე მინდა, მოვიყვანო თვალსაჩინო მაგალითი, ზემო სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტის, სადაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ჰესების მიერ მუნიციპალურ ბიუჯეტში შეტანილმა ქონების გადასახადმა საერთოდ შეცვალეს იქაურობის იერ-სახე. ანუ 500 ათასი ლარი იყო თავდაპირველად მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და ახლა არის 10 მილიონი ლარი. შესაბამისად, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურის აშენება და ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება“, – აღნიშნავს თურნავა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – საინტერესოა, ხუდონჰესის შემთხვევაში რამდენი იქნებოდა ქონების გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში? – თურნავა პასუხობს – „ჩვენ ამას მოვესწრებით და ვნახავთ”.