ხულოში მასწავლებელი სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს - ISFED

პუბლიკა

8 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

სხვა სავარაუდო დარღვევებთან ერთად ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 შემთხვევაზე.

მაგალითად, ორგანიზაციის შუალედური ანგარიშის მიხედვით, „ლელოს“ შტაბის წევრი და აქტივისტი ზვიად დიასამიძე გაათავისუფლეს შპს „ხულოს წმინდა აბუსერიძე ტბელის სახელობის სკოლის“ სასწავლო ნაწილისა და მასწავლებლის პოზიციიდან. დიასამიძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უთხრა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ არჩევანის წინაშე დააყენა – ან პოლიტიკა, ან სკოლა.

„მისი თქმით, განცხადება დაწერა სასწავლო ნაწილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თუმცა პედაგოგიური საქმიანობის გაგრგძელება სურდა. სკოლის ხელმძღვანელობამ, კი, საერთოდ დაითხოვა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, სკოლის დირექტორმა ევდემოზ ალელიშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში არ ერევიან და ზვიად დიასამიძე გათავისუფლებული იქნა საკუთარი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული სკოლა საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის“, – აცხადებს ISFED.

ხულოს გარდა ანგარიშში კიდევ ორ მუნიციპალიტეტში მომხდარ მსგავს შემთხვევაზეა ყურადღება გამახვულებული:

გორი

23 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც სოფელ ძევერაში მცხოვრები მოქალაქე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას. კერძოდ, მოქალაქე მაია სიჭინავას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მას და დედამისს „ლუკმა-პურს ართმევდნენ“.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, სიჭინავამ აღნიშნა, რომ მან სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში – იოსებ მუმლაძე ლუკაშენკოს მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. ამის შემდეგ ფერმერები, რომლებიც დღიური სამუშაოს შესასრულებლად ქირაობდნენ, დასაქმებაზე უარს ეუბნებიან, იმ მოტივით, რომ მათ ბიზნესს პრობლემები შეექმნებათ, თუკი სამუშაოდ სიჭინავების ოჯახს დაიქირავებენ.

ნინოწმინდა

აგვისტოში, ნინოწმინდის მერიაში ადგილი ჰქონდა თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას. ჯამში სამსახური ამა თუ იმ მიზეზით 29 ადამიანმა დატოვა, კერძოდ, 22 თანამშრომელს, ვადის ამოწურვის შემდეგ, აღარ გაუგრძელდათ შრომითი ხელშეკრულებები, ხოლო კიდევ 6-მა თანამშრომელმა საკუთარი
განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა. ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, წასვლის თაობაზე განცხადება 70 წელს გადაცილებულმა თანამშრომლებმა დაწერეს, რომელთაც, „ხშირად უწევდათ ექიმებში სიარული და ბიულეტენების დაწერა“. სამსახურიდან წასული თანამშრომლების
ნაწილი აცხადებს, რომ განცხადება სამხარეო ადმინისტრაციის მოთხოვნით დაწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებები პოლიტიკური ხასიათისაა, განსაკუთრებით მერის წარმომადგენლების შემთხვევაში, რადგან მათი უმეტესობა ღიად უჭერდა მხარს ენზელ მკოიანს და მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატის წარდგენის შემდეგ, შესაძლოა, მმართველ პარტიას ამ სოფლებში პრობლემები შექმნოდა.
თუმცა, ისინი ღიად ლაპარაკს არ აპირებენ. მერის რამდენიმე წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა მკოიანის მხარდამჭერ გადაცემაში, რომელიც ტელევიზია „ფარვანაში“ გავიდა. მოგვიანებით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განაცხადა სპორტსკოლის დირექტორმა ანდრანიკ კარსლიანმაც, რომელიც, ასევე, მკოიანის ახლო მეგობარია.


ISFED-ის ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს, საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში, 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. „მონიტორინგის პროცესში, ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, ასევე, უშუალოდ, საარჩევნო სუბიექტებისგან, მედია-საშუალებებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მოქალაქეებისგან მიღებული და სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ინფორმაცია. „სამართლიანი არჩევნების” მიერ მოპოვებული თითოეული ფაქტი მოწმდება უშუალო თვითმხილველებთან და შემთხვევის მონაწილე მხარეებთან“.