„ხალხის ძალის“ დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ეხმაურება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების შემოყვანა.
ხუნდაძის თქმით, ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
„გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს.
ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს. თანაც რეგულაცია არ ეხება დიდი ზომის სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტს, რომელსაც უფრო მაღალი ცვეთის რეჟიმი აქვს და უფრო მეტად შეუძლია გარემოს დაბინძურება.
რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს შექმნის რეგიონებში, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ასეთი ვითარება განსაკუთრებით დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ იმპორტიორებზე, რომელთა საქმიანობა, გარდა შემოსავლისა, ბევრი ოჯახისთვის ქმნის სამუშაო ადგილებს.
სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი, „ხალხის ძალა“, მზად არის, ჩაერთოს კონსულტაციებში“, – წერს ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით ცვლილება ძალაში პირველი აპრილიდან შევა.
„ქართული ოცნების“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, რეგულაცია ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც პირადი გამოყენებისთვის ავტომობილის შემოყვანასა და რეგისტრაციას გეგმავენ. ასევე, მოადგილის განცხადებით, ახალი რეგულაცია ელექტროავტომობილებზე არ ვრცელდება.
მისი თქმით, ახალი წესის თანახმად, 1 აპრილიდან ქვეყანაში დასარეგისტრირებელი მსუბუქი ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ორ ძირითად მოთხოვნას:
1. არ უნდა იყოს 6 წელზე მეტი ასაკის;
2. უნდა შეესაბამებოდეს ევრო 5-ის ემისიის სტანდარტს (ევრო 5 სტანდარტი საქართველოში უკვე ორი წელია მოქმედებს და განსაზღვრავს ავტომობილის გამონაბოლქვის დასაშვებ ნორმებს).
„მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1 აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ, მათ შორის 1 აპრილის შემდეგაც, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. თუ ტრანსპორტირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნება წარმოდგენილი, ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანა შესაძლებელი იქნება, თუმცა მისი რეგისტრაცია ვერ განხორციელდება”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი შეზღუდვები არ ვრცელდება რეექსპორტზე; ავტომობილის გაყვანა და სხვა ქვეყანაში გაყიდვა კვლავ შესაძლებელი იქნება. ასევე, რეგულაცია არ ეხება იმ პირებს, რომლებიც უკვე ფლობენ უფრო ძველ ან დაბალი სტანდარტის ავტომობილებს.