ხუნდაძე „იმედის“ ჟურნალისტს: თქვენც მისვამთ კითხვებს, მაგრამ საერთოდ არ ვთვლი, რომ თავს მესხმით

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ სტუმარი იყო მმართველი პარტიიდან ცოტა ხნის წინ წასული დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც მმართველი პარტია „კულისებიდან ბევრი თემის გამოსატანად“ დატოვა.

  • ჟურნალისტის შეკითხვას „აზიანებს თუ არა მათი განცხადებები და კითხვები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს?“ ხუნდაძემ უპასუხა:

„ქართულ ამერიკულ ურთიერთობას მოფრთხილება სჭირდება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება. პარტნიორული ურთიერთობები ნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე, თანასწორუფლებიანობაზე დამოკიდებული და სწორედ ევროპული ღირებულებების ნაწილია ის, რომ საჯარო პოლიტიკას უნდა ჰქონდეს უპირატესობა, ვიდრე კულისებს, რომელიც ასევე მისაღებია პოლიტიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო მაღალი წონა შეიძინა კულისებმა.

პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ზედმეტად გაერთო კულისებში მიმდინარე პროცესებით და დაავიწყდათ, რომ იქ მიღებული გადაწყვეტილებები ეხება ქვეყანას და საზოგადოებას. არ შეიძლება, რომ ყველაფერი გადავიდეს კულისებში და არ შეიძლება საზოგადოების ბედს, თუნდაც მაღალი თანამდებობის პირი, საზოგადოებისგან დამალულად წყვეტდეს. ჩვენი როლია ეს გამოვიტანოთ გარეთ.

რაც შეეხება ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ეს კითხვები საფუძვლიანი იყო. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ კითხვების დასმა დასავლური პოლიტიკური კულტურის ნაწილია და ეს აბსოლუტურად არ არის თავდასხმა. ახლა თქვენც მე მისვამთ კითხვებს, მაგრამ საერთოდ არ ვთვლი, რომ თავს მესხმით.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.