ხუნდაძე კელი დეგნანს: „უფროსი ძმა ყოველთვის მართალია?“

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გუშინ „იმედის“ ეთერში აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან ინტერვიუს ეხმაურება. მის განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ამერიკის ელჩი თუ ამ დონის არაგულწრფელი იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. კითხვებს ისევ არ პასუხობდა და ცდილობდა სიმართლისთვის თავი აერიდებინა”, – წერს ის განცხადებაში.

მისი თქმით, დასავლური ღირებულებები სწორედ იმით არის ჯერ კიდევ მიმზიდველი, რომ მისი ფუნდამენტი არის კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა.

„თუ მართლმსაჯულება საელჩოში უნდა დაკორექტირდეს, დეპუტატების კითხვების დასმა დანაშაულში უნდა ჩაითვალოს და მათ საკუთარი უფლებების დაცვაც კი ვერ შეძლონ, არათუ სხვისი, ეს უფრო საბჭოთას ჰგავს, ვიდრე დასავლურს, სადაც სულ უმცროსი ვიყავით და უფროსი მუდამ გვყავდა. მაშინ, სად არის რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი? ჩვენი თავი ჩვენადვე როგორ უნდა გვეყუდნოდეს?

პარტნიორს კითხვებს იმიტომ ვუსვამთ, რომ მისი იმედი გვაქვს და მისი მართალი პასუხი გვაინტერესებს. ის კი არც კითხულობს და რუსეთუმეობას გვაბრალებს. და თუ ეს ჩვენ არ მოგვწონს, თურმე უნდა გავჩუმდეთ, „უფროსი ძმა ყოველთვის მართალია“. ეს დამონების მცდელობას ხომ არ ჰგავს? თუმცა, „ამერიკული მონობა ჯობია რუსულს“. არა ბატონო, ქართველი ერი ვერავის უღელს ვერ შეეგუება”, – წერს ის განცხადებაში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ „ამერიკელი დეგნანი ამბობს,  ჩვენ საქართველოში მშვიდობა გვსურსო, მეორე ამერიკელი-კინზინგერი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მოუწოდებს, „ჩადით საქართველოში და გაყარეთ ხელისუფლებაო”. მესამე ამერიკელი – ფარკასი დამატებით სანქციებში ჩართვაზე გველაპარაკება და უკრაინასთან ერთად წინა ხაზზე გამოსვლისკენ მოგვიწოდებს. “თუ რუსეთი საქართველოში შემოიჭრება, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებს”-ო, თითქოს ნარდის თამაშს აპირებდეს ჩვენთან რუსეთი.”

„რომელს დავუჯეროთ? თუ ისევ გავჩუმდეთ? აღარაფერს ვამბობთ უკრაინელი მაღალჩინოსნების ომში ჩართვის მოწოდებებზე.

ელჩის გულწრფელობა კი არ გავზომეთ, „შემოგვეზომა“. ოპოზიციის განსხვავებულ აზრს პატივს ვცემო და ჩვენი განსხვავებული აზრი, არა თუ არ მოეწონა, თავდასხმად აღიქვა.

ვეკითხებოდით, შეხვდი თუ არა ბიძინასო და დიდად იუარა, არადა, თურმე შეხვდა და დაგვიმალა, თუ რატომ, მაინც არ გვითხრა. იმალება ის, რაც დასამალია.

არ გვითხრა და ნუ გვეტყვის. მთავარია ჩვენ ვამბობთ სათქმელს, რომელიც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა აქამდე არ იცოდა, ახლა კი იცის. დღეს ყველაზე ახლოს არის საზოგადოება იმასთან, ჩვენი თავი ჩვენადვე რომ უნდა გვეყუდნოდეს და არა უკვე ნანახ საბჭოთა ან ჯერ არნახულ ამერიკულ მორჩილებასთან”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.


დიმიტრი ხუნდაძემ სიზარ სუბართან და მიხეილ ყაველაშილთან ერთად მმართველი პარტია და საპარლამენტო თანამდებობა 28 ივნისს დატოვა. დეპუტატები ამბობდნენ, რომ მათი მიზანია საზოგადოებას სრული სიმართლე უთხრან და „ოცნებიდან“ წამოსვლის გარეშე ამას ვერ გააკეთებდნენ.

მოგვიანებით დეპუტატებს – დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარსა და მიხეილ ყაველაშვილს გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდათ. დეპუტატებმა მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.